ახალი ამბები
გორში ათი დღის განმავლობაში 22 ადამიანი მიუსაფარი ძაღლისგან დაიკბინა
დღეს, გორში, წმინდწყალზე, შუახნის ქალს, მიუსაფარმა ძაღლმა უკბინა. ნაფლეთოვანი ჭრილობების გამო, ,,გორმედის“ ექიმებმა პაციენტს ოპერაცია ჩაუტარეს.

ექიმის, დავით გასიტაშვილის თქმით, 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, ძაღლისგან დაკბენის 36 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 22 შემთხვევა მიუსაფარი ცხოველისგან, ხოლო დანარჩენი 14 შინაური ძაღლისგან მიყენებულ დაზიანებებს უკავშირდება.

,,გორმედის“ ადმინიტრაციაში აცხადებენ, რომ ორი დღის წინ, ძაღლმა ასევე უკბინა ქალს, რომელსაც ბავშვი საბავშვო ბაღში მიჰყავდა.

ქალაქ გორში, მიუსაფარი ცხოველების, განსაკუთრებით, ძაღლების გამრავლების პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. სოციალურ ქსელში ადგილობრივი მოქალაქეები მუდმივად ითხოვენ თავშესაფრის კოორდინატებს.

,,მოსახლეობა არასწორად იგებს ჩვენი სამსახურის ფუნქციონირებას და დანიშნულებას. განგიმარტავთ, რომ ჩვენი სამსახურის უფლება-მოვალეობაში შედის სტერლიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და მიკედლებული ძაღლების ადგილზე დაბრუნება, ასევე, აგრესიულ ცხოველებზე დაკვირვება.“ - აცხადებენ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები