ახალი ამბები
რწმუნებულის ცნობით, ახალგორიდან ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გაათავისუფლეს
დაბა ახალგორიდან (ლენინგორი) ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დღეს საღამოს გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ახალგორის გამგებლის რწმუნებული მაია საბიაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მან გამგებლისგან, ნუგზარ თინიკაშვილისგან მიიღო.

სად იმყოფება ამჟამად ორივე მათგანი, უცნობია რწმუნებულისთვის.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი 22 თებერვალს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, დააკავეს. 23 თებერვალს გაათავისუფლეს და ამ დრომდე დაბა ახალგორში (ლენინგორში) რჩებოდნენ. არჩილ ტატუნაშვილი კი, იზოლატორში გარდაიცვალა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში მყოფ, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს უთხრა, რომ ქუტაშვილი და პავლიაშვილი საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადასვლას არ აპირებდნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები