ახალი ამბები
ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ახალგორი დედებთან ერთად დატოვეს
გუშინ საღამოს დაბა ახალგორიდან გათავისუფლებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი შს სამინისტროს მცხეთის სამხარეო განყოფილებაში უკვე დაკითხეს. მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე აცხადებს, რომ ორივე მათგანს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

ერთი მათგანი წილკნის, ხოლო მეორე - წეროვანის დასახლებაში დედებთან ერთად დაბრუნდნენ. დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, ქუტაშვილისა და პავლიაშვილის მამები ახალგორში რჩებიან.

„ისინი არიან უსაფრთხოდ, თავს გრძნობენ ნორმალურად. ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ის, რომ მიეცათ შესაძლებლობა დაეტოვებინათ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორია და გადმოსულიყვნენ საკუთარ ოჯახებთან.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით, ვიმედოვნებთ, რომ ესეც მალე მოხდება“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

„გათავისუფლებული არიან საქართველოს მოქალაქეები - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. ისინი უკვე იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ახალგაზრდების დროული გათავისუფლება", - განაცხადა კახა საბანაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გათავისუფლებულ მოქალაქეებს წამების არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, კახა საბანაძემ განაცხადა, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.

"როგორც მოგეხსენებათ, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პროცესებს", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები