ახალი ამბები
ქარელისა და გორის სკოლების მოსწავლეებმა ქალთა უფლებების შესახებ დისკუსია გამართეს
ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოში არსებული მდგომარეობა იყო საზოგადოება ,,ბილიკის“ ოფისში გამართული შეხვედრა-დისკუსიის თემა, რომელიც გორის გენდერის მედიაცენტრმა გამართა პროექტის ,,მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების (შიდა ქართლის მასშტაბით) უფროსკლასელებთან.

აუდიტორიამ, რომლის უმრავლესობა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები იყვნენ, იმ მიზეზებზე ისაუბრა რაც ხელს უშლის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში ქალების მონაწილეობას და თანაბარ ჩართვას.

აღინიშნა რომ ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად ქვეყანაში კვლავ რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც ქალის უფლებები არაა დაცული.

შეხვედრის მონაწილეებმა არსებული სიტუაციიდან გამოსავლად თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიების მოწყობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კანონმდებლობის დაცვა დაასახელეს.

დისკუსია ა/ო ,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ და გორის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით მოეწყო. მსგავსი შეხვედრა-დისკუსიები აღნიშნული ორგანიზაციების ინიციატივით პერიოდულად იმართება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან.



Print

სტატიის გამოყენების პირობები