ახალი ამბები
ერთკაციანი პროტესტის შედეგი - ტარიელ თაყაძის მდგომარეობით გორის მერია დაინტერესდა
გორის მერია ტარიელ თაყაძის ოჯახის მდგომარეობით დაინტერესდა, რომელსაც ერთი თვეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ტარიელ თაყაძეს მათთვის ამ დრომდე დახმარების მისაღებად არ მიუმართავს. სოციალურ მომსახურების სააგენტოში თაყაძე, სოციალურად დაუცველის სტატუსით, ნამდვილად სარგებლობს, შესაბამისად, მერია, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის გათვალისწინებული დახმარებების გასაწევად, მზადაა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ტარიელ თაყაძის და მისი ოჯახის შესახებ მასალა გუშინ გამოაქვეყნა. კომბინატის დასახლებაში მცხოვრებმა მოქალაქემ გზა ხის ტოტით გადაკეტა და ყურადღების მიქცევა ამ ფორმით სცადა. მას, დავალიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება ერთი თვის წინ შეუწყვიტეს. თაყაძე ამბობს, რომ სოციალური დახმარების თანხებით, დენის გადახდა ვეღარ შეძლო.

,,დღეს, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნული პიროვნების შესახებ, ინფორმაცია მოიძია და აღმოჩნდა, რომ მას ჩვენთვის არ მოუმართავს. შემდეგ, გადავამოწმეთ მისი მონაცემები სოციალური მომსახურების სააგენტოში, სადაც ნამდვილად დარეგისტრირებულია. ჩვენს წარმომადგენელს კომბინატის დასახლებაში დაევალა მასთან შეხვედრა. თუ მოქალაქე, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს ჩვენთან დაკავშირებას, ამაში მერის წარმომადგენელი დაეხმარება" - ამბობს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები