ახალი ამბები
პარლამენტარი მაკრახიძე ძაღლთა თავშესაფარში სამ კონტეინერს მიიტანს
გორის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში, ლაბორატორიის მოსაწყობად და ადმინისტრაციისთვის, დეპუტატი იოსებ მაკრახიძე სამ კონტეინერს მიიტანს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს წევრმა ,,ქართული ოცნებიდან" ლია ჩლაჩიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის კინოლოგები თავშესაფარს უსასყიდლოდ დაეხმარებიან, აგრესიული ძაღლების გამოვლენაში კონსულტაციას გაუწევენ, რომელთა დაძინება, სწორედ, ამ ლაბორატორიაში მოხდება.

ის, გუშინ, საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად, თავშესაფარში იმყოფებოდა და აღნიშნავს, რომ იქ არსებული სიტუაცია კატასტროფულია. ,,რაც ჩვენ ვნახეთ, არის კატასტროფა. არანაირი კანალიზაცია, არანაირი პირობები, თუნდაც თანამშრომლებისთვის, შენობა ამორტიზირებულია, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს დაინგრეს. ვითარება შიგნითაც და გარეთაც კატასტროფულია," - აღნიშნავს ლია ჩლაჩიძე.

მისი თქმით, საჭიროა თავშესაფარმა 24-საათიან რეჟიმში იმუშაოს: ,,მოგეხსენებათ, თავშესაფარი მუშაობს საღამოს 6 სთ-მდე, შაბათ-კვირას ისვენებენ. ქალაქში კი, უამრავი ძაღლი დადის. ამიტომ, დაისვა საკითხი, რომ დაემატოს ბრიგადა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და ქალაქში იმოძრავებს." - აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ თავშესაფრის დაფინანსება, (წელიწადში 100 000 ლარი), დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საკმაოდ მცირეა, შესაბამისად, ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, რომელსაც ასევე სერიოზული მონიტორინგი გაეწევა.

,,დღეს, თანხების დიდი ნაწილი, ხელფასებში მიდის. დაფინანსების გაზრდის შემთხვევაში, აუცილებლად იმუშავებს მონიტორინგის სამსახური, რომელიც თითოეულ გაწეულ ხარჯს დაითვლის და ანგარიშს წარადგენს. მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც გასწევენ და ისინიც თავის წვლილს შეიტანენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ამ საკითხის მოგვარებაში," - აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

ამავე თემაზე:

ძაღლების დასაჭერად გორში სპეციალური ფორმებით აღჭურვილი პირები გამოჩნდებიან
Print

სტატიის გამოყენების პირობები