ახალი ამბები
მგფ: ბატეთის ტბამდე გზის დაგება ჯერ გადაწყვეტილი არაა
შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადება, ბატეთის ტბამდე გზის დაგების შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაამოწმა. ამის თაობაზე, ქარელის გამგეობას, რეგიონული განვითარების ფონდსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს დავუკავშირდით.

ძამას ხეობაში, კონკრეტულად ბატეთის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეიმუშავა, თუმცა, დონორ ორგანიზაციებთან დაფინანსების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა:

,,გეტყვით, რომ ამ გზის შესახებ, პროექტი ჩვენთან არსებობს, თანხის გამოყოფის თაობაზე მოლაპარაკება დონორ ორგანიზაციასთან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი არაა" - აცხადებენ მგფ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ თქვა, რომ ძაბას ხეობაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ძამას ხეობაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მცირე მონაკვეთი რჩება დასასრულებელი და უახლოეს პერიოდში მთლიანი ინფრასტრუქტურა იქნება განვითარებული. ეს რა თქმა უნდა, ტურისტული მიმართულების განვითარებას ხელს შეუწყობს. ბატეთის ტბასთან მისასვლელი 3-4 კილომეტრიანი გზა რჩება, რომელსაც რეაბილიტაცია აუცილებლად ჩაუტარდება. ტურისტების დიდი ნაკადი გვყავს სეზონზე და ამიტომაც პირველადი მოხმარებისსთვის აუცილებელი
ინფრასტრუქტურა მოეწყობა“, - აცხადებს სამხარაძე.

ახალი გზა დაგებულია სოფელ ელბაქიანის ბოლომდე, სამუშაოები 2017 წელს დასრულდა რეგიონული განვითარების ფონდის თანხებით. ეს სოფელი ქარელიდან 18 კმ მანძილზე მდებარეობს. ბატეთის ტბა კი, სოფელ კოდმანთან ახლოსაა, რომელიც ქარელიდან 24 კმ მანძილითაა დაშორებული. სოფელ კოდმანიდან სავალი გზა კიდევ რამდენიმე კმ-ია. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები