ახალი ამბები
მიმდინარე კვირას 16 მამაკაცი გორის სასამართლოს წინაშე ძალადობის ბრალდებით წარდგა
გორის სასამართლოში, 2018 წლის 12 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, 16 მამაკაცი, ოჯახის წევრის ცემისა და ძალადობის ბრალდებით, წარდგა. უმრავლესობას გირაო აქვს შეფარდებული.

პატიმრობაში იმყოფებიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც ცემასთან ერთად, მუქარის, ადევნების ანდა თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით არიან ბრალდებულები. საქმეთა უმრავლესობას მოსამართლე ლევან დარბაიძემ იხილავს.
16 ბრალდებულიდან სამ მათგანს ოჯახური ძალადობის ორი ეპიზოდის გამო, ედავებიან, 7 ბრალდებულს, - ოჯახის წევრის მუქარის გამოც. ერთმა პირმა, პროკურატურის მტკიცებით, ოჯახის წევრს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და დააპატიმრა.

ოჯახური ძალადობის საქმეებზე ზედამხედველი პროკურატურის ცნობით, ბრალდებულთაგან 10 მათგანი, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეზე ძალადობდა. ორ მათგანს, მეუღლისა და შვილის მიმართ, ორმაგ ძალადობაში ადანაშაულებენ.
ერთ მამაკაცს კი, ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა ჯგუფურად.

გორის სასამართლოში ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების სხდომებზე მონიტორინგს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები უწევენ. ორგანიზაციამ 2016-2017 წლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები უკვე წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების საქმიანობა საბოლოოდ დადებითად მაინც არ ფასდება:
,,მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებისა და სასამართლო ორგანოები, ცალკეულ შემთხვევებში, პროფესიონალურად და ადეკვატურად ახორციელებდნენ სამართალწარმოებას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, საერთო ჯამში, მათი საქმიანობა მაინც ვერ შეფასდება, როგორც ეფექტური _ არსებული დარღვევებისა და ხარვეზების სიმრავლის გამო.“ - აღნიშნულია ანგარიშში.

იურისტების აზრით, პრაქტიკაში ოჯახში ძალადობა კვლავ აღიქმება მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ, რომელიც უფრო ლმობიერ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე იმავე სიმძიმის სხვა დანაშაულები.

,,სასამართლოები კვლავ ხარვეზებით მოქმედებენ და ზოგჯერ ბრალდებულებს უფარდებენ დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს. წინა საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არასათანადო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე. კერძოდ, შეფარდებული გირაოს 17 შემთხვევიდან 8 (47%) იყო დაუსაბუთებლად ლმობიერი ღონისძიება, რაც ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვას“ - წერია ანგარიშში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები