ახალი ამბები
არჩევნებს იგებენ ქალები, თანამდებობას კი იკავებენ კაცები - დისკუსია დემოკრატიის სკოლაში
გორის დემოკრატიის სკოლაში დღეს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები გააცნო.კვლევის საგანს კი 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები წარმოადგენდა, რომელიც მესამე სექტორის შეფასებით, ქალთა ჩართულობით ნაკლებად გამოირჩეოდა.

,,კვლევის მიხედვით ქალები საკანონმდებლო ხელისუფლებაში 16% ით არიან წარმოდგენილნი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში 10.50%, სასამართლო ხელისუფლებაში 53%. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში დაახლოებით 13,46%, რაც შეეხება აღმასრულებელ ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოს დღეს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთია ქალი მერი, გუბერნატორი კი - არცერთი. " -განმარტა ქეთი ბებიაშვილმა.

დღეს გამართულ შეხვედრაზე დამსწრეთა შორის 10-დან მხოლოდ 2 იყო კაცი. ქალთა გააქტიურებაზე მსჯელობა ძირითადად ისევ ამ სქესის წარმომადგენელ ადამიანებს უწევდათ. მათ იმ ბარიერებზე ისაუბრეს, რაც ქალს პოლიტიკაში მოსვლამდე და მის შემდგომ პერიოდში ხვდება. ,,შენების მოძრაობის" წარმომადგენელი ირმა პაპიძე მთავარ პრობლემას პოლიტიკურ კულტურაში ხედავს.

,,პოლიტიკური კულტურის გაზრდა აკლია არამარტო საზოგადოებას არამედ შიგნით პარტიაშიც. რადგან პარტიებში ხელმძღვანელ პოზიციებს ისევ კაცები იკავებენ და ამ წუთშიც განაგებენ მათ.მოგეხსენებათ 2012 წლიდან ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მეც მოვედი პოლიტიკაში, თუმცა დროთა განმავლობაში შევამჩნიე, რომ ამ პარტიაში ძლიერი ქალები და მათი აზრი არ სჭირდებათ. ამის ერთ-ერთი მაგალითი მე ვარ“-ამბობს ირმა პაპიძე.

შეხვედრის მონაწილეთა აზრით, არჩევნებს იგებენ ქალები და ხელისუფლებაში მოდიან კაცები. ქალები როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ძირითადად, აგიტატორობას ითავსებენ და ამომრჩეველთა მობილიზებაში ერთვებიან. გორის საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან" ლია ჩლაჩიძის განცხადებით, პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გასაზრდელად მათი წახალისებაა აუციელებლი.

,,მე მხარს ვუჭერ ქალთა კვოტირების სისტემას და ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მექანიზმი გაააქტიურებს ქალებს და პოლიტიკაში მათი ჩართულობის პრაკტიკას გაამყარებს. ამ ეტაპისთვის არ არიან წახალისებული ქალები და რეალურად შედეგს ისინი იღებენ. თანამდებობას იკავებენ კაცები, მერე კი თავის გვერდზე აღარ უნდათ ქალები. ესაა მთავარი პრობლემა.

ამჟამად, გორის საკრებულოში 7 ქალია, მასთან არსებულ გენდერულ საბჭოში კი 14 წევრიდან მხოლოდ 4-ია ქალი. კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე ქალთა პოლიტიკური ჩართულობის დაბალი მაჩვენებელის მიზეზად, ფინანსური მდგომარეობის გარდა, დღემდე არსებული გენდერული სტერეოტიპებიც დასახელდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები