ახალი ამბები
გუდაურში დაშავებულთაგან ერთს ხელის მოტეხილობა, მეორეს კი - ხერხემლის სვეტის დაზიანება აღენიშნება

სამედიცინო დაწესებულებებს 8 პაციენტმა მიმართა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ,,იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დაშავებულ 8 პაციენტიდან, საყურადღებოა ორის - შვედი და უკრაინელის მდგომარეობა.

მინისტრის თქმით, ამ ორი მოქალაქიდან ხელის ღია მოტეხილობა ერთს აღენიშნება, რომელმაც ასევე ტრავმა თავის არეში მიიღო, თუმცა, გონება არ დაუკარგავს.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის შვედი მოქალაქეა და ფეხმძიმედაა. დაშავებული ქალი ღუდუშაურის ცენტრში მიიყვანეს.

,,საყურადღებოა ერთი ქალბატონის მდგომარეობა, რომელთანაც სიღრმისეული კვლევებით გამოვლინდა ხერხემლის სვეტის დაზიანება და მიმდინარეობს ოპერაცია. თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე რომელიმე პაციენტის გაწერაზე საუბარი ნაადრევია”, - განაცხადა ღუდუშაურის ცენტრის ექიმმა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 6 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები