ახალი ამბები
შიდა ქართლის მაჟორიტარ დეპუტატებს გენდერული კვოტის მხარდაჭერისკენ გორიდან მოუწოდეს
საკითხის განხილვამდე 5 დღით ადრე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებს პარლამენტში, გენდერული კვოტის მხარდაჭერისკენ გორში გამართულ შეხვედრაზე მოუწოდეს. დღეს გორის დემოკრატიის სკოლაში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და მიმართვის ტექსტი წაიკითხეს.

,,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პლენარულ განხილვაზე მხარი დაუჭიროს 37,455 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიზანიც ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა.“-წერია მიმართვაში.

დღევანდელ შეხვედრას გორის გენდერის მედიაცენტრის წარმომადგენელი ნათია ომაძე, გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი ზაზა ჭიპაშვილი, საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი და გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი ნინო გიორგაძე ესწრებოდნენ. მათი ინფორმაციით, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე გენდერული კვოტირების სისტემის მომხრეა, რაც შეეხება დანარჩენი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, მხოლოდ, მათი ბიუროების უფროსები შეხვდნენ. არასამთავრობო სექტორს იმედი აქვთ, რომ სხვა ადგილობრივი პარლამენტარებიც, კენჭის ყრის დროს, ანალოგიურ პოზიციას დააფიქსირებენ.

2017 წლის 12 ივნისს, 37,455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს, პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატის წარგენას, ავალდებულებს. კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის, სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი დაიკავებს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა მინიმუმ 26%-ი იქნება. აღნიშნული საკითხის განხილვა 21 მარტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილი. რომლის შესახებაც მმართველ გუნდში განსხვავებული პოზიციები აქვთ.

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ

1. 115-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ სიის ყოველი მეორე იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

7. პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა. თუ პარტიის მიერ წარდგენილ სიაში არ არის დაცული სქესთა, ყოველი მეორე განსხვავებული სქესის 50%-იანი ბალანსი, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდება სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და მისი ფოტოსურათი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები