ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 14 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო
18 მარტს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 14 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, 13-ვე უბანზე, რუსეთის ფედერაციის პასპორტით მოსარგებლე მოქალაქეებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. საარჩევნო უბნები გახსნილი იყო რუსეთის სამხედრო ბაზებშიც.

,,აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს." - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ:

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება იმ პირობებში, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მასობრივად გახდა მოსკოვის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაციის მსხვერპლი, ხოლო ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორიცაა: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც ძირს უთხრის სამართალსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგს" - ციტატის დასასრული.

საარჩევნო უბნები 20 სთ-ზე დაიხურა. რუსეთის ცენტრალურმა არხებმა ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნება დაიწყო, რომლის მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.

ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა ხმების 73,9% მიიღო. მეორე ადგილზე "კომუნისტების" კანდიდატი პაველ გრუდინინი (11,2%), ხოლო მესამე ადგილზე "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი (6,7%) გავიდა. ტელეჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა ამომრჩეველთა ხმების 2,5% მიიღო, რაც მეოთხე ადგილია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები