ახალი ამბები
სოფელ ქორდიდან გაუჩინარებულ ახალგაზრდას ინტერპოლი ეძებს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქორდიდან ნიკა საღირაშვილი ორი წელია დაკარგულია. მასზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა გამოაცხადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ცნობით, ნიკა საღირაშვილის თაობაზე, მიმართეს რუსეთის, ქუვეითის, საუდის არაბეთისა და მონტენეგროს შესაბამის უწყებებს. ამის მიზეზი ოჯახის წევრების მობილურ ნომრებზე, სხვადასხვა დროს განხორციელებული სატელეფონო ზარებია.

ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ნიკა საღირაშვილის მამას, ამ ეტაპზე უცნობმა პირმა უთხრა, რომ მას შვილი ელაპარაკებოდა. ,,ნიკა ვარ, მამა, ნიკა ვარო და გათიშა ტელეფონი" - ამბობს დაკარგულის მამა. შემდგომ, ოჯახის წევრებისგან რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, სატელეფონო კონტაქტი არ შედგა.

დაკარგული ნიკა საღირაშვილის ოჯახის წევრების ტელეფონში კიდევ რამდენიმე ზარი შევიდა. ერთი რუსეთიდან, ერთი საუდის არაბეთიდან. ერთ შემთხვევაში დამ ვერ მოასწრო ტელეფონის აღება. მეორე შემთხვევის დროს, საუბარი არ შედგა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ოჯახს იმედი აქვს, რომ 27 წლის ნიკა საღირაშვილი ცოცხალია.

2016 წლის მაისში ნიკა საღირაშვილი მეგობრის ოჯახში სუფრაზე იმყოფებოდა. მეგობრებს უთხრა, რომ სარწყავი წყალი დასაკეტი დარჩა და სუფრა დატოვა. გვიან ღამით, ნაკვალევის მიხედვით, სარწყავი წყლის არხისკენ გაემართა. ამის შემდეგ, მისი კვალი გაქრა.

სარწყავი წყლის სათავე გამყოფ ხაზთან, რკინის ღობეებთან მდებარეობს. მწვანე ღობეები რუსეთის სამხედროებმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის მოსანიშნად, დაამონტაჟეს. ახლობლები ეჭვობენ, რომ ნიკა საღირაშვილი რუსეთის სამხედროებმა წაიყვანეს.

ერგნეთში გამართული მოლაპარაკებების დროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუმცა, რუსული მხარე ამ მასალებს საქართველოს დელეგაციას არ აძლევს. რუსული მხარე აცხადებს, რომ ნიკა საღირაშვილის დაკავება არ მომხდარა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები