ახალი ამბები
უკრაინაში ქართული ღვინის ფალსიფიკატორებს ეძებენ
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის შემოწმების მიზნით, უკრაინაში იურიდიულ კომპანიებს დაიქირავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

განკარგულების მიხედვით, დაქირავებული კომპანიის წარმომადგენლები, უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის დახმარებით, კიევში და სხვა ქალაქებში ფალსიფიცირებულ ღვინოებს გამოავლენენ, რომლებსაც ქართული ღვინის სახელები აქვთ მინიჭებული. საქართველოს მთავრობის ცნობით, ანალოგიურმა, ანტიკორუფციულმა კამპანიამ გასულ წელს წარმატებით იმუშავა.

მაგალითად, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, 2017 წელს უკრაინაში, იურიდიული კომპანიების დახმარებით, მიმართა უკრაინის ანტიმონოპოლურ კომიტეტს, რომელმაც საქმე აღძრა და დაიწყო გამოძიება „კამიანკა გლობალ ვაინსის“ (LLC KAMYANKA GLOBAL WINE) წინააღმდეგ. კომიტეტში საქმისწარმოება 2017 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა.

,,კომიტეტმა უკრაინული კომპანიის ქმედებები, კერძოდ მათ მიერ უკრაინაში წარმოებულ ღვინოებზე ქართული ღვინის დასახელებებისა და ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული აღნიშვნების, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის მითითება ცნო „არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვის შესახებ“ უკრაინის კანონის 151 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად და კომპანიას დააკისრა ჯარიმა 7 010 000 უკრაინული გრივნის ოდენობით. ამავდროულად, „კამიანკა გლობალ ვაინსს“ სამომავლოდაც აეკრძალა ქართულ ღვინის იმიტაციებთან დაკავშირებით მსგავსი ქმედებების განხორციელება." - აღნიშნულია განმარტებით ბარათში, რომელიც საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობის მინისტრმა გაუგზავნა.

კომიტეტში საქმისწარმოებისას გამოიკვეთა, რომ უკრაინის ბაზარზე ზემოთ მითითებული კომპანიის გარდა არიან სხვა მსხვილი კომპანიებიც, რომლებიც ასევე ახდენენ ქართული ღვინის, მათ შორის ადგილწარმოშობის დასახელებების უკანონოდ გამოყენებას, რომელთა წინააღმდეგაც საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტების აღსრულება.

,,უკრაინული კომპანიები ახდენენ ქართული ღვინის უკანონო იმიტაციას და ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების უკანონოდ გამოყენებას. უკრაინის ბაზარზე იყიდებოდა და იყიდება არაქართული წარმოშობის ღვინოები, რომელთა ეტიკეტებზე დატანილია საქართველოსთან და ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული სიმბოლოები, აღნიშვნები, რაც განაპირობებს მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას ღვინის წარმოშობის ქვეყანასთან მიმართებით. აღნიშნულით, უკრაინაში ოპერირებადი კომპანიები არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებს ქმნიან ქართული ღვინის მწარმოებელი კეთილსინდისიერი კომპანიებისთვის და ამავდროულად, პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე." - აღნიშნულია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს აქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი უკანონო იმიტაციები ხდება სხვა ქვეყნებშიც, სადაც აუცილებელია მოკვლევის ჩატარება და ქართული ღვინის დაცვის მიზნით ოპტიმალური ნაბიჯების დაგეგმვა.

2017 წელს, საქართველოდან, ბოლო 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული. სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,6 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54 %-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. 2017 წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ შეადგინა 170 მილიონი აშშ დოლარი, რაც 49%-ით აღმატება 2016 წლის მონაცემებს. ექსპორტის მზარდი დინამიკა ქართული ღვინის ინდუსტრიისა და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მარეგულირებელი შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობის შედეგია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები