ახალი ამბები
წმინდაწყალზე მცხოვრები ,,ბათურა", რომელსაც უჩივიან
ძაღლს ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა ,,ბათურა" შეარქვეს. ის პატარა იყო, როდესაც კომპანიის ოპერატორებმა მიიკედლეს, აჭამეს და გაზარდეს. უკვე მეორე წელია ,,ბათურა" კომპანიის გვერდით მოწყობილ მწვანე საფარს არ შორდება.

მწვანე საფარი ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. მის გვერდით უამრავი ადამიანი მოძრაობს. როგორც ირკვევა, სკვერში მწოლიარე ბათურა ვერ იტანს ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ მაინც დაუყვირეს ან, ვითომ ქვის აღების დროს, შეაშინეს. მეორედ დანახვისას უღრენს და ეყეფება.

მეორე წელია, რაც შეწყვილების დრო დაუდგა. ძაღლი მდედრია და მის გარშემო მოგროვებული ძაღლები ხშირად ერთმანეთს უღრენენ, გარბიან ან მორბიან, ამ დროს კი, ქვეით მოსიარულეები პანიკაში ვარდებიან. 

სწორედ, ამ ძაღლზე იყო საუბარი სოციალურ ქსელში ერთი კვირის წინ, როდესაც ერთ-ერთ მამაკაცს გაეკიდა, ფეხზე უკბინა. მამაკაცი მაშინვე ,,გორმედში" გადაიყვანეს. ,,წაიყვანეთ თავშესაფარში, იქ გყავდეთ, ან დააძინეთ აგრესიული ძაღლები, მოაშორეთ" და ა.შ. - წერდნენ სოციალურ ქსელში.

ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორები ამბობენ, რომ ძაღლი არ არის აგრესიული. ადასტურებენ, რომ ძაღლს სტერილიზაცია ჭირდება, რადგან შარშანაც ლეკვები ჰყავდა. ,,ამდენი ხანია ეს ძაღლი აქ ტრიალებს, თითქმის ყველა ხედავს, მაგრამ არავინ დაინტერესებულა მისი სტერილიზაციით. თუ წაიყვანენ და უკან დააბრუნებენ, მზად ვართ გადაყვანაში მივეხმაროთ" - ამბობენ ისინი. 

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ძაღლები აგრესიულები ეჩვენებათ მაშინ, როდესაც შეწყვილების პერიოდი დგება ან კიდევ ძაღლს ლეკვები ჰყავს. ,,აუცილებელია, მასიური სტერილიზაცია მდედრი ძაღლების და კასტრაცია მამრების. ისინი აღარ ივლიან ჯგუფად. ერთად მოგროვებული ძაღლები ნამდვილად ხდება პრობლემა მოქალაქეებისთვის." - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

გორის საკრებულოს წევრი მმართველი გუნდიდან მიშა გოგინაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, გუბერნატორთან ერთად, ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობს. ,,ჩვენ ვეძებთ დონორებს, რომლებიც მოაწყობენ თავშესაფარს, გამოყოფენ სახსრებს და.ა.შ. ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, მაგრამ მოსახლეობა იგრძნობს ჩვენი მუშაობის შედეგს," - ამბობს მიხეილ გოგინაშვილი.

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ არის საკითხები, რომელსაც წლობით დონორების ძებნა არ ჭირდება: ,,თუ თავშესაფარს იმის საშუალება არა აქვს, რომ ძაღლებს ოპერაცია გაუკეთოს, მერიას შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს კერძო კლინიკებთან და ეს საკითხი მოაგვაროს," - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები