ახალი ამბები
უწყლობა, უგზოობა და უდენობა - ვითარება ახალგორის სოფლებში
ახალგორის (ლენინგორის) რაიონის სოფლები: წინაგარა, ზახორი და მონასტერი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტარებმა დაათვალიერეს. იგორ ჩოჩიევმა და თეიმურაზ გაბარაევმა ადგილობრივი მოსახლეობისგან პრობლემები მოისმინეს.

მათი თქმით, განსაკუთრებით, მძიმე მდგომარეობაშია ზახორი, სადაც გზა დაზიანებულია, ელექტროენერგია ხშირად გათიშულია, სასმელი წყალი კი, არ მოდის. ზახორელები ამბობენ, რომ მოძველებული სადენები ხშირად მწყობრიდან გამოდის.

ზახორის გამგებელი ვლადიმერ ჩერტკოევი ამბობს, რომ წვიმის დროს, გზა გაუვალი ხდება. ამის გამო, რაიონულ ცენტრთან დაკავშირება რთულია. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგორის (ლენინგორის) რაიონში მცხოვრებლებისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას ინფორმაციის მიღება წარმოადგენს. აღნიშნულ სოფლებში რუსულენოვანი არხების მისაღებად სიგნალს ვერ იღებენ.

ჩოჩიევი და გაბარაევი აცხადებენ, რომ ახალგორის რაიონის ამ სოფლებში შექმნილ ვითარებაზე ცხინვალში ისაუბრებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები