ახალი ამბები
ნიქოზელი მარტოხელები 5 თვეა მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან
ეხუთე თვეა, ნიქოზელ ნორა მჭედლიძის ჭიშკარი ,,იმედის სხივის“ გოგოებს არ გაუღიათ. 6 თვის მანძილზე, კვირაში ორჯერ მარტოხელა ქალბატონთან ცხელი საკვები მიჰქონდათ. დღეს, ,,მობილური კვების სერვისის“ პროექტი დასამტკიცებლად მერიის იურიდიულ განყოფილებაში დევს. ხელშეკრულების გასაფორმებლად, იურიდიული სამსახურის სპეციალისტებს ,,სხივის“ წევრები ტელეფონით უნდა მიეწვიათ.

,,შეიძლება ითქვას, ეს საკითხი გადაწყვეტის სტადიაშია,“ - ამბობს სოციალური სამსახურის უფროსი დავით ჩიხრაძე, რომელიც ირწმუნება, რომ პროექტი სოციალურმა სამსახურმა მოიწონა, საკრებულოს სოციალურმა კომისიამ მის შესახებ დადებითი დასკვნა დადო. შემდგომ ყველაფერი იურიდიულ განყოფილებას უნდა მოეწესრიგებინა.

გორის მერი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ მას ჯერ მემორანდუმიც კი არა აქვს გაფორმებული ,,იმედის სხივის“ წევრებთან. ,,როგორც ვიცი, ჯერ არ მოუმართავთ, მაგრამ დამერწმუნეთ, არ იქნება პრობლემა. ჩვენ ყველა ასეთ კარგ ინიციატივას მხარს ვუჭერთ" - ამბობს კოტე თავზარაშვილი.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, იურიდიული განყოფილების თანამშრომლებს, მხოლოდ, სახელშეკრულებო ურთიერთობის მოგვარება და მხარეებთან ხელმოსაწერი დოკუმენტების გამზადება ევალებოდათ.  რაც ამ დრომდე, არ შესრულებულა.

პროექტი 2017 წლის ოქტომბერში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა საკითხის გაჭიანურებას ქალაქისა და თემის გაერთიანებას უკავშირებენ. ორივე თემი კი, საბოლოოდ 2018 წლის იანვარში გაერთიანდა. ბიუროკრატიული პროცედურები ,,მობილური კვების სერვისის“ განახლებას აჭიანურებს.

სოფელ ნიქოზში ,,მობილური კვების სერვისი“ 2017 წლის მაისიდან ფუნქციონირებდა. ადგილობრივი ორგანიზაცია ,,თანხმობის“ ინიციატივით, აღნიშნულ სერვისს ,,იმედის სხივის“ წევრები ახორციელებდნენ. დონორის შემდეგ, საქმიანობა მუნიციპალიტეტის გამგეობას, ახლა უკვე მერიას უნდა დაეფინანსებინა.

,,იმედის სხივის“ წევრები სოფელ ნიქოზის თემში შემავალ სამი სოფლის 35 მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხმარებოდნენ. მათ შორისაა, ნორა მჭედლიძე. მას არა თუ საკარმიდამო ნაკვეთში, სახლში რაიმე საქმის გაკეთებაც უჭირს.

,,ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა უძილობა გახდა. აღარც ღამე მძინავს, აღარც დღე. წამლებს კი ვიღებ, მაგრამ აღარც ის მშველის. ჩვენი გოგოები რომ მოდიოდნენ, ძალიან დიდი შეღავათი იყო ჩემთვის,“ - ამბობს ნორა მჭედლიძე.



პირველი ჯგუფის შშმ პირია კონსტანტინე მიქელაძე. ასევე, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მის მეუღლეს თამარ მიქელაძესაც. კიდევ ერთი ბენეფიციარი ლორა მჭედლიძე 81 წლისაა. ამბობს, რომ ,,მობილური კვების სერვისის“ ფარგლებში გაწეული დახმარება მისთვის დიდი შვებაა.

პროექტი ,,ჯანსაღი საკვები, ხანგძლივი სიცოცხლე“ ხორციელდებოდა (,,People In Need“ ) PIN-ის სოციალური პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული იყო ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდებოდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ტყიბულის, ხონის, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებში.

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია ,,People In Need“ გორის მუნიციპალიტეტში კონკრეტულად აფინანსებდა პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“. 

მისი მიზანი იყო სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე საქართველოში. სოციალურ საკითხზე მომუშავე ნიქოზის ორგანიზაცია შესაბამისი რესურსებით აღჭურვეს. ამის შემდეგ, ეს პროგრამა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უნდა გაეგრძელებინათ. საუბარია ეხება 8 ათასი ლარის დაფინანსების ფარგლებში დაგეგმილ მოხალისეობრივ საქმიანობას.

ჩეხური ორგანიზაციის წარმომადგენელი ნანუკა ფერაძე ამბობს, რომ ნიქოზელი აქტივისტებისა და მოხალისეების მიერ დაწყებული საქმიანობა საკმაოდ წარმატებული იყო და იმედი აქვს, რომ მერია ამ პროგრამას შესაბამისად გააგრძელებს. იგი განსაკუთრებით, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პროექტი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში მოხალისეებმა დაიწყეს.

იხ. ამავე თემაზე: 

მანია ბებოს სიხარული და ვარამი - ნიქოზში გაჭირვებულ მოხუცებს სადილს სახლში მიუტანენ

Print

სტატიის გამოყენების პირობები