ახალი ამბები
ცხინვალის მედია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადასვენების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ ,,წითელი ჯვრის" კომიტეტის წევრებს გადასცეს. ამის ამსახველ ფოტოებს ოსური მედია ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების თაობაზე, ექსპერტიზის პასუხს რუსეთიდან ელოდებოდნენ.

,,მიღებული პასუხით ირკვევა, რომ გარდაცვლილს ზედა და ქვედა კიდურებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. რუსეთის ექიმის დასკვნაში ნათქვამია, რომ ტატუნაშვილი გარდაიცვალა მწვავე გულის უკმარისობისას, რომელიც მწვავე მიოკარდიული, იშემიის შედეგად განვითარდა. გარდა ამისა, ჰქონდა ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტი" - აღნიშნავენ ცხინვალში. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას დღეს საღამოს ერგნეთში გადასცეს. ერგნეთიდან კი, -  სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

„2018 წლის 20 მარტს, ყველა მხარის მოთხოვნის საფუძველზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, როგორც ნეიტრალურმა შუამავალმა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოასვენა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თავიდანვე გამოთქვამდა მზადყოფნას,მონაწილეობა მიეღო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესში ნეიტრალური შუამავლის რანგში. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ერგნეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ცხედრის გადმოსვენების სტანდარტული პროცედურების სრული დაცვით მოხდა. ოჯახის გადაწყვეტილებით , ცხედარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეცა", - ნათქვამია ,,წითელი ჯვრის" ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები