11-წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე მძღოლს გირაო შეუფარდეს
30-წლის მამაკაცს, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის
დარღვევის ბრალდებით 18 მარტს კასპში დააკავეს, გირაო შეუფარდეს. ამის
შესახებ გადაწყვეტილება გორის სასამართლოში მიიღეს. ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად 11-წლის გოგონა გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე
წლის 4 იანვარს ქალაქ კასპში თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა,
რა დროსაც 2008 წელს დაბადებულ ქვეითად მოსიარულე მ.გ.-ს შეეჯახა.
არასრულწლოვანი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულს გირაო 7 ათასი ლარის
ოდენობით შეეფარდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო,
ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური, ტოქსიკოლოგიური და სხვა სახის
ექსპერტიზები. მუხრუჭის კვალის მიხედვით, გამოძიებამ დაადგინა, რომ
მანქანა 88 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობდა. ადვოკატის თქმით, დასადგენია
მუხრუჭის კვალის წარმომავლობის
საკითხი, რომლითაც გამოძიებამ იხელმძღვანელა.
სტატიის გამოყენების პირობები