ახალი ამბები
ცხინვალში სპეციალურ კომისიას ქმნიან, რომელიც ,,მოქალაქეობის" ჩამორთმევის საკითხებს განიხილავს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ საკითხებზე მომუშავე კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მასში არაღიარებული სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი, ცხინვალის მერი ალან კოჩიევი, პარლამენტის დეპუტატი ამირან დიაკონოვი და დე-ფაქტო რესპუბლიკის ყველა რაიონის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები გაერთიანდნენ.

კომისიის მუშაობის მიზნებს შორის, მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადების განხილვის გარდა, მისი ჩამორთმევის საკითხის შესწავლაც შევა. საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ეს პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, უპირველესად კი ახალგორის რაიონის მაცხოვრებლებს შეეხებათ.

ახალგორელებს ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას ზედიზედ სამი დე-ფაქტო პრეზიდენტი პირდებდა, თუმცა სიტყვა არც ერთს შეუსრულებია. ადგილობრივების უმრავლესობამ, დე-ფაქტო რესპუბლიკის პასპორტის აღების შემდეგ, საქართველოს მოქალქეობა შეინარჩუნა ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობის შესანარჩუნებლად, რაც მათთვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს.

,,ეხოკავკაზას" ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში არ არსებობს კანონი, რომელიც მეორე – საქართველოს მოქალაქეობას კრძალავს, თუმცა არსებობს ოსური ე.წ მოქალაქეობის მიღების განსაზღვრული პროცედურა: მისი მსურველი განაცხადის წარდგენისას ვალდებულია, თან დაურთოს ქართული პასპორტი, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს.

ახალგორელები პრობლემას შედარებით მარტივად წყვეტენ: ისინი ჯერ თბილისში განცხადებით, პასპორტის დაკარგვის თაობაზე, ჩადიან. სანაცვლოდ ახალს იღებენ.

ცხინვალში ფიქრობენ, რომ იმ პირთა გამოვლენა, რომლებმაც მსგავსი სქემა გამოიყენეს, საკმაოდ ადვილია: ყველა, ვინც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩადის, საქართველოს მოქალაქის პასპორტს ფლობს, ვინაიდან დე-ფაქტო საზღვარზე მდგომი ქართველი მესაზღვრეები ოსურ საბუთებს არ აღიარებენ.

პრობლემას მეორე საარჩევნო ასპექტიც აქვს: საკმაოდ დიდი ქართული დიასპორა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს დე-ფაქო რესპუბლიკის ყოველი არჩევნების შედეგებზე. და ყოველი დე ფაქტო არჩევნების დროს გაისმის ბრალდებები ე.წ. უცხოელი ამომრჩევლების მოსყიდვის თაობაზე.

ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ გამოსავლად საარჩევნო უფლების შეზღუდვა განიხილება.

„კანონმდებლომაში შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების, ან, მაგალითად, საარჩევნო უფლების ცენზის შემოღება. მსგავსი პრაქტიკა არაერთ სხვა სახელმწიფოშიც არსებობს. ჩვენ შეგვიძლია, მივანიჭოთ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა ადამიანს, რომელსაც აქ არასოდეს უცხოვრია და ამას არც აპირებს, თუმცა მას ხმის მიცემის უფლება შევუზღუდოთ. კითხვა იმაში მდგომარეობს, რისი მიღწევა გვსურს ჩვენ, რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს? ჩემი აზრით, ეს არა არჩევნებს, არამედ ჩვენს იდეოლოგიას უკავშირდება. ვფიქრობ, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ. მაშინ განხილვაც სწორი იქნება და გადაწყვეტილებებიც“ - აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამმართველოს უფროსი მურატ ვანეევი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები