ახალი ამბები
,,განუმეორებელი ექსპონატებია" - გორელი მხატვრის 8 ნამუშევარი ხელოვნების მუზეუმის საკუთრება გახდება
თანამედროვე ილუსტრატორის, ფერმწერისა და გრაფიკოსის კახაბერ თოფჩიშვილის რვა ნამუშევარი ხელოვნების მუზეუმში განთავსდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ხელოვნების მუზეუმის კომისიის წევრებმა 19 მარტს მიიღეს. 49-წლის კახაბერ თოფჩიშვილი ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელია.

,,კახაბერ თოფჩიშვილი წარმოადგენს თანამედროვე ქართული მხატვრობის უნიჭიერეს წარმომადგენელს, რომლის ნამუშევრები გამოირჩევა სრულიად განსხვავებული სტილითა და მანერით. ის ყველა სხვა თანამედროვე მხატვრისგან განსხვავებით ერთადერთია, რომელიც ხატავს მე-19 საუკუნეში დამკვიდრებული კლასიკური ილუსტრაციული წესით.“ - აღნიშნულია კომისიის წევრების დასკვნაში.

ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, თოფჩიშვილის სტილი განუმეორებელია.

,,მისი ნამუშევრები უდიდეს დაინტერესებას იწვევს უცხოელი კოლექციონრების მხრიდან. ამით საქართველო დაკარგავს უდიდესი შემოქმედის განუმეორებელ კოლექციას, რაც არაერთხელ მომხდა. მაგალითისთვის გამოდგება გაიანე ხაჩატურიანის და ფარაჯანოვის ნამუშევრები, რომლებიც მთლიანად აღმოჩნდა სომხეთის გალერეებში თუ კერძო კოლექციებში. აღნიშნული რვავე ექსპონატი წარმოადგენს იშვიათ ხელოვნების ნიმუშს, რომელიც განუმეორებელი საგანძურია და მისი შეძენა ნებისმიერი თანამედროვე მუზეუმისთვის საშური საქმეა.“ - წერია დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, ხელოვნების მუზეუმის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღო. კახაბერ თოფჩიშვილის ნამუშევრები: ,,მასხარები“, ,,სოლოლაკელი ბიჭები“, ,,საღამო“, ,,მოხევეები“, ,,ახალი წელი“, ,,შეხვედრა წისქვილთან“, ,,მთიულები თბილისში“ მუზეუმის საკუთრება გახდება.

49-წლის კახაბერ თოფჩიშვილი — ქართველი მხატვარი-ფერმწერი, გრაფიკოსი. მისი ნამუშევრები ზიმერლის და ჰარვარდის მუზეუმების საგამოფენო სივრცეებს ამშვენებს.  ავტორია სამეცნიერო ნაშრომისა - „ქართული ფერწერის თავისებურებანი“. მხატვარი სისტემატიურად მონაწილეობს გამოფენებში, ჰქონდა ორი პერსონალური გამოფენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები