ახალი ამბები
აპრილიდან დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს თანამშრომლებს ხელფასებს გაუზრდიან
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შს მინისტრი იგორ ნანიევი თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას თხოვნით მან მიმართა.

ცხინვალის მედიის ცნობით, გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას მილიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მიმდინარე წლის აპრილიდან მიიღებენ. ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია 50-დან 145%-ით.

ცხინვალის ე.წ. ,,ომონის" წევრებს ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთ ფაქტზე ედავებიან. ადგილობრივმა პროკურატურამ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგების თაობაზე, ცხინვალის მედიაში აღარაფერია ნათქვამი.

ფაქტი 1

2016 წლის 27 ნოემბერს, ცხინვალში, სასტუმრო ,,ალანიის" წინ, 21 წლის ახალგაზრდას ,,ომონის" წარმომადგენლებმა სცემეს. , ნაცემი ახალგაზრდა საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით მოათავსეს.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში ცემის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ვიდეო-მასალის მიხედვით, კამათი სიტყვიერი დაპირისპირებით იწყება.  ,,ომონის" მხრიდან იარაღის გასროლასაც ჰქონდა ადგილი

ფაქტი 2

ქალაქ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის პროკურატურამ 2017 წლის 29 დეკემბერს რესტორანში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის წარმომადგენლის, ედუარდ ჯიოევის ცნობით, სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში ,,ომონის" წარმომადგენელი ფიგურირებს.

სასამართლო სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ცხინვალის მეორე საშუალო სკოლის ორ მეთერთმეტე კლასელ ბიჭს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. რესტორანშიჩხუბი სკოლის მოსწავლეებსა და სპეცრაზმელს შორის მოხდა.

სკოლის მოსწავლეებსა და ,,ომონის" წარმომადგენელს შორის მომხდარ ინციდენტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც გამოეხმაურა. ,,სპეცრაზმელის ქცევა, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის, ყოველთვის სხვების მაგალითს უნდა წარმოადგენდეს" - განაცხადა თიბილოვმა.

ფაქტი 3

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრემა ძმებ ჯაბიევებს სცემეს. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

2018 წლის 1 მარტს დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ, ვიდეოს საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. ვიდეოს მიხედვით, ინალ ჯაბიევს და მის ტყუპ ძმას ფორმიანი მამაკაცები ფიზიკურად უსწორდებიან. ახალგაზრდების დახმარებას ქალბატონი და შუახნის მამაკაცი ცდილობენ. შემთხვევა ,,ბამის" დასახლებაში მოხდა.

ერთ-ერთ ძმას, ინალ ჯაბიევს ყბის მოტეხილობა დაუდგინა, ხოლო თავზე და შუბლზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ის ჩრდილოეთ ოსეთში ვლადიკავკაზის საავადმყოფოში მოათავსეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები