ახალი ამბები
აძვში გორის მერი დაკავებულთა ოჯახის წევრებს შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში მცხოვრები ორი მოქალაქის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობია. ისინი დღეს გამყოფ ხაზთან რუსეთის სამხედრო ბაზის სიახლოვეს დააკავეს.

დაკავებების შესახებ ოჯახის წევრებმა თანასოფლელებისგან გაიგეს. 40-წლის იოსებ გუნდიშვილი და 35-წლის დავით გერკეული წმინდა გიორგის ეკლესიის სიახლოვეს იმყოფებოდნენ. ამჟამად, სად იმყოფებიან, ოჯახის წევრებს, მხოლოდ, სავარაუდო პასუხები აქვთ. ადგილობრივების განცხადებით, დაკავება, სავარაუდოდ, წმინდა გიორგის ეკლესიასთან მოხდა.

წმინდა გიორგის ეკლესია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და მის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო ბაზებია. აძველებს ამ ეკლესიასთან დიდი ხანია არ უშვებენ.

მათი ოჯახის წევრები გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა მოინახულა.

„აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია, როგორც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, ასევე ევროკავშირის სადამკვირებლო მისია. მათი განთავისუფლების მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა“ - აღნიშნა გორის მერმა დაკავებულების ოჯახის წევრებთან საუბრისას.

გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აძვის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვა-ლოცვა სააღდგომოდ 2 წლის წინ აღავლინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დაკავებულების გასათავისუფლებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, მუშაობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები