ახალი ამბები
გორის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა მოქალაქეს ,,თავხედი" უწოდა
სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის ოფისში ერთ-ერთ ქალბატონს ხელმძღვანელმა თავხედი უწოდა. კამათის ამსახველი აუდიომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველმა მიაწოდა.

თვითმხილველის თქმით, სოციალურ მომსახურების სააგენტოში არსებული სიტუაციის გამო, იძულებული გახდა ყველაფერი მობილურ ტელეფონში ჩაეწერა.

აუდიომასალის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მცხოვრები ბავშვის მეურვე, ობლად დარჩენილი შვილიშვილის დახმარების ვერ აღების გამო, სააგენტოს უყურადღებობაში ადანაშაულებდა. ის ამბობდა, რომ სააგენტოდან ,,ლიბერთი ბანკში" საბუთები არაა გადაგზავნილი, რადგან თურმე სააგენტოს სპეციალისტი ავად იყო:

,,მე ბანკში მითხრეს, რომ წერილი ჯერ არ გადაგიგზავნიათ, იმიტომ, რომ თანამშრომელი გყოლიათ ავად" - ეუბნებოდა ქალბატონი სააგენტოს ხელმძღვანელს. სააგენტოს ხელმძღვანელი კი, მას დაემუქრა, რომ ამ ბრალდებისთვის სასამართლოში იჩივლებდა.

კამათის დროს, სააგენტოს ხელმძღვანელმა მას თავხედი უწოდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი თეა თედელური მსგავს ფაქტს ვერ იხსენებს და აღნიშნავს, რომ მედიასაშუალების წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლებს.




შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოძებნა აღნიშნული ქალბატონი. მისი სახელი და გვარი ფაქტის შემსწრე უფლებადამცველმა დაიმახსოვრა. ქალბატონი, რომელიც შვილიშვილის მეურვე გახდა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

,,ეს ამბავი მოვაგვარე უკვე, დახმარებას იღებს ბავშვი, მაგრამ ეხლა ერთი რაც შემიძლია გითხრათ, ასე არ უნდა ექცეოდნენ ადამიანებს. დაე, თუნდაც ქვეყანამ გაიგოს," - გვითხრა მან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები