ახალი ამბები
პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს პატრიარქმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. მასთან ერთად, გარდაცვლილის ოჯახშI მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც მივიდნენ.

„ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები“, – განაცხადა უწმინდესმა.

არჩილ ტატუნაშვილს, შაბათს, 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. არჩილ ტატუნაშვილის მამა, საქართველოს ხელისუფლებას, კონკრეტულად თავდაცვის მინისტრს და მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობას უხდის.

,,ამ დროისთვის მნიშვნელოვანია ექსპერტიზის დასკვნა, შემდეგ კი გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა." - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანაშვიდზე ყოფნის დროს. მისი თქმით, ტატუნაშვილი მოკლულია.

,,მთვარია, რომ ჩვენ ოჯახს გვერდით ვედგეთ მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, მთავრობაც, თითოეული მოქალაქეც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ოჯახს გვერდით ამოუდგეს. გამიძიება მიმდინარეობს. ერთხელ ვთქვი, რომ ძირითადი ამოცანა იყო ჩვენი მოკლული გმირი, მოქალაქე, ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის. ახლა უკვე ჩვენი ძირითადი ამოცანაა გამოძიება. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ექსპერტიზის მონაცემები, რომლის შემდგომაც უკვე გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა. დღეს ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის მონაცემებს, რომელიც სამხარაულის ბიურომ დასკვნის სახით უნდა გადმოგვცეს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება", - განაცხადა გახარიამ.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორში დააკავეს. ის 23 თებერვალს დილით ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა. ცხედარი საქართველოს ხელისუფლბას 26 დღის შემდეგ, გადასცეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების განცხადებით, ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

საქართველოს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელიც ორ კვირაში ოფიციალური სახით გახდება ცნობილი. დამოუკიდებელი ექსპერტების განცხადებით, ტატუნაშვილი ნაწამებია.

ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები