ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე
ახალგორიდან დევნილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მუხათგვერდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვამდე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

გადაწყვეტილება პრეზიდენტმა, მისი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის, ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის, მიიღო.

"დღეს ჩვენ აქ ვნახეთ საქართველოც, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა ამ ყველაფერს. ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება. მე მინდა უთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს ჩვენს წინააღმდეგ: - ჩვენ ეს გაგვივლია და გაგვივლია საუკუნეების განმავლობაში და მზად ვართ ასეთი ბრძოლისთვის, რადგან ყოველთვის გამარჯვებულები გამოვდიოდით და ამ ბრძოლაშიც გამარჯვებულები გამოვალთ. ღირსეული სიცოცხლისათვის და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილს ღირსების ორდენით ვაჯილდოვებ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორის რაიონში 22 თებერვალს დააკავეს. მას შელაპარაკება მოუვიდა ადგილობრივ პოლიციელებთან და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. 23 თებერვალს დილით კი, გარდაიცვალა. ოჯახს ცხედარი 26 დღის შემდეგ გადასცეს. ექსპერტების წინასწარი მონაცემებით, ტატუნაშვილი აწამეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები