ახალი ამბები
გორში ,,დედამიწის საათი 2018" აღნიშნეს
დღეს, გორში ,,დედამიწის საათის“ დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები გაიმართა. პროგრამით გათვალისწინებული საზეიმო აქტივობები (საცეკვაო ნომერი, მუსიკა), არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვასთან დაკავშირებით, აღარ გაიმართა. მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულის ხსოვნას.

19:00 საათზე სირბილში მარათონი მოეწყო, რომლის გამარჯვებული ,,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა" (CENN) დააჯილდოვა. ყველა მონაწილეს მერიამ სერთიფიკატები გადასცა.

დასასრულს, ზუსტად 20:30 საათზე, მთავარ მოედანზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით, 250 სანთელი ,,60+’’ გამოსახულებით აინთო, ხოლო 1 საათით - 21:30 საათამდე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასა და გორისციხეზე განათება გამოირთო.

,,დედამიწის საათი“ მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.

,,დედამიწის საათი“ გორში მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

კავკასიის გარემსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი CENN -ი, შიდა ქართლში ახორციელებს პროექტს ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში’’ (WMTR) II . პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAI D) უწევს.

პროექტი ,, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში’’ ხელს უწყობს საქარეველოს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს ნარჩენების მართვის, მართებულ სისტემის ჩამოყალიბებაში, პროექტის ერთ-ერთ კომპონენტი ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები