ახალი ამბები
აგარის ქარხნის საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან
დღეს, 28 მარტს, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ინიციატივით, აგარის ქარხნის მუშები ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან. დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან აგარის შაქრის კომპანიის ადმინისტრაციის წევრები, დარგობრივი პროფკავშირები და ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

უკვე რამდენიმე თვეა, აგარის შაქრის ქარხანა კონსერვაციაზეა. ქარხნიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მიიღეს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია. თუმცა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ისინი ქუჩის აქციების ფორმატით გარკვეულ მოთხოვნებს აყენებენ, მათ შორის, ითხოვენ აგარის ქარხნის ხელახლა ამუშავებას.

აგარის შაქრის კომპანია აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი ქარხნის ამუშავებაა, თუმცა, მათი თქმით, არსებობს გარკვეული სირთულეები. ,,სწორედ არსებული სირთულეების მოსაგვარებლად და გამოსავლის მოსაძებნად, აფბა-ს ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ პროცესში ჩართო ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენის აპარატი." - აღნიშნავენ ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.

შპს "აგარის შაქრის კომპანიას" ადმინისტრაციამ სამუშაო პროცესის შეწყვეტის შესახებ, განცხადება გაავრცელა.

„ბოლო პერიოდში აგარის შაქრის ქარხნის გაჩერების მიზეზები არასწორად გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებით, რამაც გადაგვაწყვეტინა, განმარტებები კიდევ ერთხელ გავაკეთოთ:

2017 წლის 1 ოქტომბრიდან ევროპის ქვეყნებს მოეხსნათ თეთრი შაქარის ექსპორტზე დაწესებული კვოტა, რამაც ახალი ტალღით გაზარდა საქართველოში, ევროპასთან 2016 წლიდან ამუშავებული თავისუფალი ვაჭრობის გამო ისედაც გაზრდილი, თეთრი შაქრის იმპორტის მოცულობა. მსოფლიო ბაზარზე თეთრი შაქრის მიწოდების ამ გაზრდამ განაპირობა ფასების გლობალური შემცირება მასზე. აგარის შაქრის მიერ წარმოეული თეთრი შქარი კი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევდა, რადგან შაქრის ნედლეულის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ შემცირდა თეთრი შაქრის ფასების ანალოგიურად, ხოლო ქარხნისთვის ნედლეულის გადამუშავების ხარჯები ცხადია იგივე დარჩა. რის გამოც 2017 წლის 1 ნოემბრიდან ქარხანა გავაჩერეთ და გადავიდა კონსერვაციის რეჟიმზე.

კომპანიამ ქარხნის თითოეულ თანამშრომელს დამსახურებული მადლობა გამოუცხადა, მათი მონდომებული და დაუღალავი მუშაობისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შრომის კოდექსის შესაბამისი მოთხოვნების სრული დაცვით და გასცა კანონით დადგენილი კომპენსაციები (ერთ მილიონ ლარამდე).

მესაკუთრეს, რომელსაც განხორციელებული აქვს ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია დიდი სურვილი აქვს, რომ ქარხანა ამუშავდეს და განაახლოს შაქრის გადამუშავება, რისთვისაც არ იშურებს ძლისხმევას და აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

ქარხნის შესაძლო ამუშავებისათვის, საჭიროა მიღებულ იქნეს რიგი კანონპროექტები კომპლექსური მოქმედებისათვის, რომელიც აშკარაა სწრაფად, მოკლე დროში ვერ მოხდება. ხოლო თუ უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ნედლეულის გაიაფება მოხდა, მეპატრონე მზადაა დაუყოვნებლივ აამუშაოს ქარხანა, რაც რეალურად მოსალოდნელია. ანალოგიურად მოვახერხეთ 2017 წლის ივნისში გაჩერებული ქარხნის ამუშავება.

18 მარტს სატელევიზიო ეთერით გაჟღერებულმა მუქარამ ჩვენი შეშფოთება გამოიწვია და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამომავლოდ სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, აღმოგვიჩინოთ შესაბამისი დახმარება. კერძოდ, საპროტესტო აქციების მიმდინარე პერიოდში გააძლიეროთ პატრულირება ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და გამოყოთ სათადარიგო სახანძრო მანქანა, ასევე გთხოვთ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ზეპირსიტყვიერი მიმართვით აცნობონ ყოფილ დასაქმებულებს მათ მიერ შესაძლო კანონის დარღვევის ფაქტის შესახებ და განუმარტონ საკუთრების ხელყოფის სავარაუდო სამართლებრივი შედეგების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მეპატრონე კრიპტო ვალუტის წარმოების ქარხანას ხსნის შაქრის ქარხანის ნაცვლად, არ შეესაბამება სიმართლეს. მოლაპარაკება იყო მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებაზე, რათა ისრაელიდან ინვესტორებს კრიპტო ვალუტის მაინინგის ერთი კონტეინერი საცდელად დაემონტაჟებინათ, რომელიც ქარხნაში შაქრის წარმოებას ხელს არ შეუშლიდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეთანხმდა ეს საკითხი ინვესტორთან“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები