ახალი ამბები
გორში 9 მინი სტადიონი საფეხბურთო კლუბ ,,გორს" გადასცეს
საფეხბურთო კლუბ ''გორს''  მერიამ 9 მოედანი გადასცა. მოედნები დღეს კლუბის დირექტორმა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელმა, მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსთან ერთად, დაათვალიერეს.

,,მადლობას ვუხდი მერიას მოედნების გადმოცემისათვის, რადგან ამით მნიშვნელოვან პრობლემას აღმოვფხვრით ჩვენს საფეხბურთო სკოლაში, კერძოდ კი, აღარ იქნება სავარჯიშო მოედნების სიმცირე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მოედნები არის ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და ხელს შეუწყობს ფეხბურთით დაინტერესებას ახალგაზრდა თაობაში." - განაცხადა ,,გორის" დირექტორმა გია ისიანმა.

,,ჩვენი სამსახური მიესალმება ამ ფაქტს და მადლობას ვუხდით საფეხბურთო კლუბს მზადყოფნის გამოთქმისათვის. მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მეტად იყოს ჩართული ფეხბურთში და დაინერგოს ჯანსაღი ცხოვრების წესი. აღსანიშნავია, რომ იმ მოედნებზე რომლებიც საფეხბურთო კლუბს გადაეცა, ბავშვებისათვის ვარჯიში იქნება უფასო მთელი ქალაქის მასშტაბით." - აღნიშნა მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსმა რამაზ შიოშვილმა.

მათი თქმით, მოედნებს საფეხბურთო კლუბის სხვადასხვა ასაკობრივი გუნდებისათვის გამოიყენებენ, დაგეგმეს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული და მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი სამუშაოები.

საფეხბურთო კლუბ ,,გორის" ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელი მამუკა ვარდოსანიძე ამბობს, რომ სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს შესაძლებლობა მიეცემათ უფასოდ ივარჯიშონ საფეხბურთო სკოლაში და არ გაიღონ ტრანსპორტირებისთვის ზედმეტი ხარჯი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები