ახალი ამბები
ქვემო ჭალიდან ევროპისაკენ - ახალი შესაძლებლობები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ახალგაზრდებისთვის
თემურ ელოშვილი მეოთხე კლასიდან ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში სწავლობს. მშობლიურ სოფელ გამდლისწყაროში დაწყებითი სკოლა დიდი ხანია დაამთავრა. ყოველდღიურად, სკოლის ავტობუსით მეზობელ სოფელში დადის. დღეს მას უთხრეს, რომ შესაძლებლობა აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ისწავლოს ან მოხალისეობრივად საგანმანათლებლო პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.

მასთან ერთად ეს შესაძლებლობა, ქვემო ჭალის თემის სოფლების გარდა, სამთავისისა და ხურვალეთის სკოლების მოსწავლეებსაც ექნებათ. აღნიშნული სოფლები გამყოფ ხაზთან მდებარეობს.



თემურ ელოშვილთან ერთად, გამდლისწყაროდან ქვემო ჭალაში სასწავლებლად სოფო ხოკრიშვილიც დადის. ამბობს, რომ აქამდე, მხოლოდ, თბილისის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების სურვილი ჰქონდა. გვითხრა, რომ ვიდრე ეს დრო დადგება, შეუძლია, მოსწავლეობის პერიოდშივე აიხდინოს ოცნება.



დღეს ქვემო ჭალის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებისთვის გაიმართა შეხვედრა, სადაც ქვემო ჭალის, სამთავისისა და ხურვალეთის სკოლების მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული პროექტები გააცნეს. შეხვედრას ბიბლიოთეკის დამფუძნებელმა ,,ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისთვის“ წარმომადგენელმა ცირა ხელაშვილმა უმასპინძლა. პროექტის შესახებ ინფორმაცია კი, ,,ერასმუს +“-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ტყემალაძემ და ,,კონას“ წარმომადგენელმა იანა კოვალოვამ გააცნეს.

ამ ეტაპზე მოსწავლეებს ორ პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს. პირველი ეხება აქტივობების განხორციელებას საკუთარ სოფელშივე. მოსწავლეებს შეუძლიათ მცირე დაფინანსების ფარგლებში საკუთარ თემში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გამართონ. მეორე პროექტი კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორგანიზაციებში მოხალისეობრივ საქმიანობას გულისხმობს.

ქვემო ჭალის თემში, ორგანიზაცია ,,ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისთვის" გამოჩენამდე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების აქტიურობა არ ჩანს. აქ მცხოვრები მოსწავლეები, ძირითადად, სასკოლო პროგრამების განხორციელებით არიან დაკავებულები. ქვემო ჭალასა და სამთავისის თემში შედის შერეული, ქართულ-ოსური სოფლებიც.


Print

სტატიის გამოყენების პირობები