ახალი ამბები
კოკოითი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბიბილოვის ხელისუფლებას აკრიტიკებს
ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ექსპრეზიდენტი [2001-2011], ანატოლი ბიბილოვის ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციასა და საქართველოს ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ ან ,,ანნანიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციაში, სწორედ, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ გარეულები.

“ტატუნაშვილის სიკვდილი ადამიანური ტრაგედიაა მისი ოჯახისთვის. ის რომ დივერსანტი ყოფილიყო, ყველა მტკიცებულება უნდა წარადგინო, თუმცა აღნიშნულ სიტუციაში ეს არის პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შორსმიმავალი შედეგით. არ გამოვრიცხავ, რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციაში სწორედ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ გარეული. სხვა შემთხვევაში როგორ უნდა ახსნა ის, რომ ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში.. კარგი, რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ სიტუაციის გაწელვით, საქართველო მთელ ინფორმაციას აწვდის მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც შემდეგ ემუქრება რუსეთის ფედერაციას. ჩვენ, ოსები მაღალკულტურული ერი ვართ და აღნიშნულ შემთხვევაში ეს ოსეთის იმ რეპუტაციას ურტყამს, რომელიც ძალიან რთულ დროს მოვიპოვეთ. ჩვენ არასდროს მიგვიცია საბაბი, რომ ასეთ კანონსაწინააღმდეგო, არაადამიანურ ქმედებებში დავედანაშაულებინეთ. ეს ის პროქართული ძალებია, რომელთაც სამხრეთ ოსეთში შემოაღწიეს, სწორედ მათი პროვოცირებულია ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, რომელსაც საჯაროდ დავსვამ”, – აცხადებს კოკოითი.

კოკოითს, დე-ფაქტო რესპუბლიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდა და უარი უთხრეს.

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორის რაიონში 22 თებერვალს დააკავეს. მას შელაპარაკება მოუვიდა ადგილობრივ პოლიციელებთან და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. 23 თებერვალს დილით კი, გარდაიცვალა. ოჯახს ცხედარი 26 დღის შემდეგ გადასცეს. ექსპერტების წინასწარი მონაცემებით, ტატუნაშვილი აწამეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები