ახალი ამბები
დირიჟორი და პიანისტი - იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი
იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი 1994 წლის 28 დეკემბერს თბილისში დაიბადა. მუსიკალური განათლება ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიაში აქვს მიიღო, 2016-2017 წლებში იყო სიბელიუსის აკადემიის გაცვლითი სტუდენტი.

2012 წლიდან დღემდე თბილისის მუსიკალური სემინარიის სტუდენტური ორკესტრის დირიჟორი გახლავთ. ის საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის შთამომავალია - იაკობ ჯუღაშვილის შვილთაშვილი.

,,ბაბუაჩემის მამა იყო იაკობი, მეოთხე თაობა ვარ. ბავშვობიდანვე ვიცოდი, ვისი შთამომავალი ვიყავი. ოჯახში ხშირად საუბრობდნენ ამის შესახებ. ადრეც სულ ვკითხულობდი და ახლაც, როდესაც დრო მაქვს, ვკითხულობ იმდროინდელ ამბებზე, ეპოქაზე, ყველაფერი მაინტერესებს... ოჯახში სტალინის ერთი წერილი გვაქვს მისი, რომელიც იმერეთში, თავის მასწავლებელს, პეტია კაპანაძეს გაუგზავნა. მოსკოვიდან მოსწერა, როგორც შეგპირდი, გიგზავნი დახმარებას, 2000 მანეთსო. ეს შეუფასებელი განძია ჩემთვის, რომელსაც ვერავის მივცემ და ვერც სახელმწიფო მუზეუმს გადავცემ. ეს ერთი რამ მაქვს მისგან შემორჩენილი და ვერ დავთმობ. ზოგჯერ რომ დავფიქრდები, ვისი შთამომავალი ვარ, ვხვდები, რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია. სხვათა შორის, სტალინი კარგად მღეროდა და ერთი ასეთი ფაქტიც ვიცი მის შესახებ: ქართული გუნდი ჩასულა მოსკოვში. რეპეტიციას სტალინიც დასწრებია და მათთან ერთად უმღერია მეორე ხმა. გაოგნებულები დარჩნენ. არავინ ელოდა მისგან მსგავს რამეს. ისეთი გენიოსი იყო, ისეთი ფენომენალური ტვინის პატრონი, რომ არა მგონია, მისგან რამე გამომყვა. თუმცა, ვინ იცის, წლები რომ მომემატება და გავიზრდები, იქნებ მერე აღმომაჩნდეს მისი გენეტიკიდან რამე. თუმცა, ერთი რამ კი დაზუსტებით ვიცი, რომ პოლიტიკაში არასდროს წავალ და არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გავწევრდები. საერთოდ არ მხიბლავს ეს სფერო..." - განუცხადა პიანისტმა იოსებ ჯუღაშვილმა ჟურნალ ,,გზას"

იხ. სრული ვერსია
Print

სტატიის გამოყენების პირობები