ახალი ამბები
გორში ბოლნისის ,,სიონის" ქომაგები დააკავეს
გორის პოლიციამ ბოლნისის ,,სიონის" ქომაგები დააკავა. ამის მიზეზი მათსა და მასპინძელ ,,დილას" ქომაგებს შორის გამართული ჩხუბი გახდა.

დაკავებულია ხუთი ახალგაზრდა, ხუთივე - ბოლნისელი. მათ შორის, ორი არასრულწლოვანი. პოლიციელების თქმით, იდენტიფიკაციის შემდეგ, არასრულწლოვნებს გაათავისუფლებენ. დანარჩენ სამს კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

შემთხვევა საღამოს 10:30 სთ-ზე მოხდა, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ,,დილა" 3:0-ს იგებდა. თამაში 21 საათზე დაიწყო. ,,სიონის" ქომაგების თქმით, დილას ,,ფანებმა" მათი დროშა მოიპარეს, რაც ქომაგებისთვის დიდი შეურაცხყოფაა. ,,დილელების" მხარდამჭერები ამბობენ, რომ ,,სიონელები" ჩამოსთვლისთანავე აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.

ბოლნისელმა ჭაბუკა იასაღაშვილმა გვითხრა, რომ ბოლნისის ,,სიონის" გულშემატკივრები გორელების მიმართ ყოველთვის პატივისცემით გამოირჩეოდნენ, რადგან მათ გუნდს გორელი მეკარე იცავდა. თვლის, რომ დროშის მოპარვა შეუფერებელი საქციელი და პროვოკაციაა.

საბოლოოდ, თამაში 3:2 დამთავრდა, გორის ,,დილას" სასარგებლოდ. თამაშის დამთავრების შემდეგ, პოლიციამ ბოლნისის მიკროავტობუსები გააცილა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები