ახალი ამბები
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებს გორის მერიამ დაფინანსება გაუზარდა
გორის მერიამ, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებს, დაფინანსება 2000 ლარამდე გაუზარდა. ამის შესახებ განცხადებას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გასულ წელს, ამ კუთხით დაფინანსება 1000 ლარს შეადგენდა.

,,სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა ითვალისწინებს აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლამდე) მკურნალობის ხარჯების დაფინანსებას 2000 ლარით" - აღნიშნავს პრეს-სამსახური.

დღეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, მერიამ და დედათა/ბავშვთა ცენტრ ,,იავნანას“ სარეაბილიტაციო ცენტრმა ,,ნაბიჯებმა“ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 20 ბავშვს ტრადიციულად გასართობ ცენტრში ,,რიო" უმასპინძლეს და საჩუქრები გადასცეს.

გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს აუტისტთა საფეხბურთო გუნდი, რომელშიც გაერთიანებულია 20 ბავშვი. აღნიშნული გუნდი 2018 წლის 1-ლი მარტიდან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 18 400 ლარით.

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.

,,აუტიზმი განვითარების შეფერხებაა და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით, თუმცა აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ხშირად შეუძლიათ ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და არ მოახდინოს აუტისტთა დისკრედიტაცია, ხოლო სახელისუფლებო ორგანოებმა, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება და უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება." - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები