ახალი ამბები
შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი გორში ბინას ერთი თვის წინ ეძებდა
,,შიდა ქართლიდან დამარცხებულის იმიჯით არ წავალ" - ასე განუცხადა მოწინააღმდეგე გუნდს აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ერთი თვის წინ, როდესაც სამცხე-ჯავახეთში მისი გადაყვანის შესახებ კონსულტაციები დაიწყო. კახა სამხარაძის გუბერნატორობის პერიოდში, სამი დიდი პროექტის - ატენი, ხიდისთავისა და ქვახვრელის სამუშაოები ვერ დასრულდა.

იანვრიდან, გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა პარლამენტარმა თემურ ხუბულურმა სოფლებში სიარული და იქ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი დაიწყო. გუბერნატორსა და ადგილობრივ სხვა პარტიულ ჯგუფებს შორის დაპირისპირების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ჯერ კიდევ იანვარში განუცხადეს. თავდაპირველად, კახა სამხარაძემ პირველი მოადგილე გაათავისუფლა. აღნიშნულ პოსტზე აღარავინ დანიშნა. დებულების მიხედვით, გუბერნატორის გათავისუფლების შემდეგ, მოვალეობა პირველ მოადგილეს უნდა შეესრულებინა.

დღეს, საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, შიდა ქართლის გუბერნატორად აკაკი მაჭუტაძის დანიშვნის შესახებ, ბრძანებას ხელი მოეწერა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს წყარომ განუცხადა, რომ აკაკი მაჭუტაძემ გორში ბინა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იქირავა.

ასევე, დაიწერა მეორე ბრძანება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად კახა სამხარაძის დანიშვნის შესახებ. ორივე მათგანი რეგიონებში შესაბამის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს უკვე შეხვდა.

აკაკი მაჭუტაძე სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში 2013 წელს დაინიშნა.

1991-1995 წლებში დაამთავრა აღორძინების კავშირის ქ. თბილისის ბიზნესის ინსტიტუტი, სპეციალობით – საგარეო ეკონომიკური საქმიანობა; მოგვიანებით ამავე ინსტიტუტის მაგისტრატურაც დაამთავრა.

1996-1998 წლებში გაიარა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სასწავლო კურსი; 2000 წელს კი – ეგვიპტის ხ. მუბარაკის სახელობის პოლიციის აკადემია-ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სრული კურსი;

2013 წელს იყო შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი; მანამდე საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2012-13 წლებში იყო საბაჟო დეპარტამენტის მონიტორინგისა და რისკების მართვის სამმართველოს უფროსი; მანამდე კი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსად მუშაობდა; სხვადასხვა წლებში ნამუშევარი აქვს, ასევე, საგადასახადო ინსპექციაში, „სახალხო ბანკის“ უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტში, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტსა და უშიშროების სამინისტროში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები