ახალი ამბები
ჟურნალისტი გორის მერის მოადგილეს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის
ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე გორის მერის მოადგილეს გელა კაპანაძეს სასამართლოში უჩივის. ამის თაობაზე, პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

მოსარჩელე მალხაზ მიქელაძე ამბობს, რომ მერის მოადგილემ, სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში, მისი, როგორც ჟურნალისტის პატივი და ღირსება შელახა.

საქმე იმაშია, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ჟურნალისტმა მალხაზ მიქელაძემ მერის მოადგილე გელა კაპანაძე ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში ჩაწერა. ამის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრის მიმართეს და გელა კაპანაძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.

გელა კაპანაძემ განაცხადა, რომ მალხაზ მიქელაძემ მას პროვოკაცია მოუწყო, რადგან სწორედ ჟურნალისტმა დაიბარა ის ,,ქართული ოცნების" ოფისში. მალხაზ მიქელაძე ამბობს, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც გელა კაპანაძის ბრალდება არ დასტურდება.

პროცესი გადაიდო მოპასუხის მხარის ადვოკატის ავადმყოფობის გამო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები