ახალი ამბები
ევროკავშირის წარმომადგენლის პრესმდივანი ახალ სამშვიდობო ინიციატივებს ეხმაურება
,,საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით." - ეს განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესმდივანმა დღეს გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერს ინიციატივებს, რომელთა მიზანი გამყოფ ხაზებზე ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავებაა.

,,ინტერესით ველით საქართველოს პარლამენტში მოსალოდნელ დისკუსიებს და პროცესის საბოლოო შედეგს. ეს წინადადებები სრულად შეესაბამება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩართულობის იმ პოლიტიკას, რომელსაც რამდენიმე პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დღესაც ახორციელებს." - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ მტკიცე ძალისხმევას; ასევე, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას საქართველოში, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოიყენებით, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში.

იხ. ამავე თემაზე:

ვაჭრობა გამყოფ ხაზთან, სწავლა საზღვარგარეთ და უვიზო მიმოსვლა ევროპაში - ახალი ინიციატივები დე-ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობისთვის
Print

სტატიის გამოყენების პირობები