ახალი ამბები
აღდგომის დღეებში გორის სასაფლაოს ადმინისტრაცია სრული დატვირთვით იმუშავებს
გორის სასაფლაოს ადმინისტრაციის თანამშრომლები აღდგომის სადღესასწაულო დღეებში სრული დატვირთვით იმუშავებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი საათაშვილი ამბობს, რომ ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" მიერ გამოყოფილი ტექნიკის დახმარებით, დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

,,ტერიტორიაზე განთავსებულია საკმარისი რაოდენობის ურნები, ასევე, მოსახლეობას შეუძლია პარკებში დაფასოებული ნარჩენები გზის პირას გამოიტანონ, რათა ნაგავმზიდი მანქანებისთვის მათი გატანა ხელმისაწვდომი იყოს" - აღნიშნავს ადმინისტრაციის დირექტორი.

მისი განმარტებით, სამ ადგილზე წყლის ცისტერნებია დადგმული: ,,ვინც ფეხით აპირებს ამოსვლას, შეუძლია, ამ ცისტერნების წყალი გამოიყენოს" - აცხადებს საათაშვილი. მისი განმარტებით, ძირითადი, პრობლემა საფლავებზე გასვლის დროს, არის სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის რეგულირება და ნარჩენების გატანა.

სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების წარმომადგენლები დაარეგულირებენ. მასშტაბური დასუფთავების აქცია 7 აპრილსაც გაიმართება.

გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, მუნიციპალური ტრანსპორტი 9 აპრილს დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე იმოძრავებს. მიკროავტობუსები სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან იმოძრავებს და მოსახლეობისთვის უფასო იქნება. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები