ახალი ამბები
აძვთან დაკავებული 69-წლის ელდარ გუნდიშვილი გაათავისუფლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვთან დაკავებული ელდარ გუნდიშვილი დღეს გაათავისუფლეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა 69-წლის მამაკაცი ერგნეთში საქართველოს პოლიციას გადასცეს.

შიდა ქართლის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ის პოლიციის დეპარტამენტში გამოჰკითხეს და შემდეგ სახლში წაიყვანეს. სოფელი აძვი გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ახალუბნის თემში შედის.

ელდარ გუნდიშვილი რუსეთის სამხედროებმა გუშინ 7 აპრილს, სტუმრად მყოფ თემურ ყაზიევთან ერთად, დააკავეს. ისინი აძვის სალოცავთან ახლოს იმყოფებოდნენ. აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დგას აძვსა და აძვისთავს შორის. ელდარ გუნდიშვილის სახლი გამყოფ ხაზიდან 200 მ მანძილითაა დაშორებული. ორივე სოფელს მდინარე აძურა ჰყოფს.

,,სადღაც 4 საათი იქნებოდა, რომ ძროხა გამექცა და მის გამოსაყვანად მდინარეზე ჩავედი. წესით ნახევარი მდინარე ჩვენი უნდა იყოს, ნახევარი იმათი. ესე მითხრეს, მდინარე სულ ჩვენიაო. ოთხნი იყვნენ და წამიყვანეს. თემურ ყაზიევი თბილისელია და არ ვიცი მის შესახებ არაფერი. დაკავებით ერთად დაგვაკავეს. ნათესავები ჰყოლია იქით, მგონი იმათ გადაიხადეს თანხა, მე არ გადამიხდია." - ამბობს ელდარ გუნდიშვილი. რაც შეეხება თემურ ყაზიევს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ისიც გაათავისუფლეს. თემურ ყაზიევს ახლობლები სოფელ აძვისთავში ჰყავს, თვითონ კი, თბილისელია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები