ახალი ამბები
ლიკა მელანაშვილი კეხვიდან: ,,სოფლის მონატრებისას სიტყვები ირითმება"
,,კეხვის სკოლაში მივედი 2006 წელს. ძალიან მიყვარდა ჩემი სკოლა, ჩემი პირველი მასწავლებელი - მზია. ჩემ კლასელებს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ყველანი ძალიან კარგად ვსწავლობდით. პირველ კლასში რომ შევედით და მერხებზე დავსხედით, შემოვიდა სკოლის დირექტორი. რომ გადაგვხედა კლასს, პირველ კლასში მარტო სამი გოგონა ვიყავით. გაიღიმა, ერთ-ერთ ბიჭთან მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა: აბა, ჩემო საყვარელო ბიჭებო, კლასში სამი გოგო გყავთ და ხელის გულზე უნდა ატაროთ და არავის დააჩაგრინოთ. ერთმანეთს ძალიან კარგად ვექცეოდით“

ეს სიტყვები ლიკა მელანაშვილს იმ ალბომში აქვს შეტანილი, რომელსაც ყოველდღიურად ახალ-ახალი ჩანახატებით და ლექსებით წლებია ავსებს. ლიახვის ხეობის ძველი თუ ახალი ფოტოები ფურცლებზეა მიმაგრებული.

პირველ კლასში მიცემული პირობა თანაკლასელმა ბიჭებმა მე-11 კლასამდე ვერ აასრულეს. 2008 წელს ომი დაიწყო და დიდი ლიახვის ხეობის ის სოფლები, სადაც ეთნიკური ქართველები ცხოვრობდნენ, დაიცალა. დაიწვა სახლები.

ლიკა მელანაშვილი კეხვიდანაა. 7 წლის ხდებოდა, სოფელი რომ ოჯახთან ერთად დატოვა. ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის მიმდებარედ, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

,,ლექსების წერა, ფაქტობრივად, 2015 წლიდან დავიწყე. მანამდეც ვწერდი, მაგრამ ძალიან იშვიათად. ვწერ ყველაფერზე, განსაკუთრებით, ჩემ სოფელზე. როცა მომენატრება ხოლმე ჩემი მხარე, სიტყვები ირითმება,“ - ამბობს ლიკა.

მის ალბომში ნახავთ კეხვის სკოლის, საბავშვო ბაღის შენობებს. სკოლის შენობა უკვე დამწვარია. იქვეა დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში მდებარე ეკლესიების ფოტოებიც. თითოეულ ფოტოს ლექსი ახლავს.

,,მტკივა, რომ ვერ ვხედავ იმ პეიზაჟს, რომელიც სიმშვიდეს მგვრიდა. ვერ ვსუნთქავ ჰაერს, რომელიც სიხარულით მავსებდა. ვერ ვსვამ წყალს, რომელსაც ვერსად დავლევ ისე გემრიელად, როგორც იქ...“ - წერს ლიკა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები