ახალი ამბები
ოსური სოფლის სუქითის ერთი ოჯახი: ,,მოვიტაცე ქალი და აქ ამოვიყვანე ფეხით"
ქარელიდან 15 კმ მანძილზე სოფელი სუქითი მდებარეობს. აქ ერთი ოჯახი ცხოვრობს. 81 წლის ალიოშა ბესტავაშვილი და 82 წლის ნანული ხაჩიძე 53 წელია ერთად არიან.



დასახლება ტყის პირას, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზეა გაშლილი. რამდენიმე მიტოვებული სახლია. კომუნისტების პერიოდში 25 კომლი ირიცხებოდა. ამჯერად, ზამთარ-ზაფხულ მხოლოდ ერთი სახლიდან ამოდის ცეცხლის კვამლი. სოფელში არ არის დენი.

გზა სოფელ ახალსოფლიდან მიდის, თუმცა დახრამულია. სოფლამდე მაღალი გამავლობის მანქანებს შეუძლია ასვლა. სწორედ, ახალსოფელში ყოფნისას გვითხრეს, რომ სუქითში ერთი ოჯახი ცხოვრობს. ახალსოფლიდან ჩანს სამების ეკლესიის დანგრეული კედლები, რომლის სიახლოვეს საფლავებია.



სუქითში გაგვიმართლა. მოხუცებთან სტუმრად მათი შვილები იმყოფებოდნენ. ისინი ოჯახებით სხვაგან ცხოვრობენ, ერთი აგარაში, მეორე - თბილისში. გვითხრეს, რომ მათი მოხუცებულ მშობლებს სუქითი და მამა-პაპური სახლი სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

სააღდგომოდ პასქა და წითელი კვერცხი გამზადებული ჰქონდათ. პასქა ცხვრის ფორმის იყო. ნანული ხაჩიძემ თონეში პურის გამოცხობის დროს გააკეთა. ამბობს, რომ პროფესიით მეცხოველეობის სპეციალისტია და სწორედ ამ პროფესიის გამო აღმოჩნდა სუქითში.

50 წლის წინ, ის ქარელის რაიონში მეცხოველეობის მეურნეობაში მუშაობდა. წარმოშობით ხაშურის რაიონიდანაა. აქ გაიცნო ალიოშა ბესტავაშვილი. მათ დაოჯახებს ხელი ფერმის გამგემ შეუწყო ხელი. ალიოშა ბესტავაშვილი ამბობს, რომ მისი მომავალი მეუღლე მოიტაცა. მოტაცებული ქალი სოფელში ფეხით აიყვანა.



,,მითხრა, კაი ცხოვრებაა იქაო, მომატყუა. აბა ეს კარგი ცხოვრებაა?“ - ხუმრობს ნანული ხაჩიძე.

როგორც აღვნიშნეთ, საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა მიტოვებულია. გვითხრეს, რომ ბოლო პერიოდში სოფელში სულ ბესტავაშვილები დარჩნენ. ძველ საფლავების წარწერების მიხედვით, დასაფლავებულები არიან ბესტავაშვილები და გიგიტაშვილები. ამათგან, ამჟამად, ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გადავიდნენ საცხოვრებლად, ნაწილის შთამომავლები კი, ჩრდილოეთ ოსეთში წავიდნენ.

პირველი მიგრაცია 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც სოფელში მეწყერული ზონები გაჩნდა. ნალექის დროს ტყიდან წამოსული წყალი საცხოვრებელ სახლებში შედის.



Print

სტატიის გამოყენების პირობები