ახალი ამბები
გორის N1 საჯარო სკოლას ნიკო კეცხოველის სახელი მიენიჭება
გორის 1-ელ საჯარო სკოლის ადმინისტრაციისა და სამეურვეო საბჭოს წევრები სკოლისთვის ნიკო კეცხოველის სახელის მინიჭებას ითხოვენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მათ უკვე მიიღეს.

შესაბამისი სამთავრობო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმაც თავიანთი აზრი დააფიქსირონ. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აღნიშნულ ინიციატივას საკრებულოს წევრებს 13 აპრილს გააცნობს.

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პირველი სკოლის სახელწოდების საკითხს სამთავრობო კომისიაში განიხილავენ.

ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ნიკო კეცხოველი 1897 წელს დაიბადა სოფელ ტყვიავში და გარდაიცვალა 1982 წელს.

აღნიშნულმა სკოლამ, გასული წლის დეკემბერში, გარემოსდაცვითი, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია მოიპოვა. ამის გამო, გამარჯვებულ სკოლას ეკოჰაბის მოწყობაში დაეხმარნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები