ახალი ამბები
თვითმხილველების ცნობით, გორის სასამართლოს წინ პოლიციელებმა მოქალაქეს სცემეს
გორის სასამართლოს წინ მოქალაქე დაჟინებით ითხოვდა, რომ მისი დაკავების კადრები ვინმეს გადაეღო. შემთხვევა პარასკევს გორში მოხდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე დღისით ჯერ ძირს დააგდეს, შემდეგ ხელმობირკილები დაადეს. მამაკაცი კი განწირული ხმით ყვიროდა - გადაიღეთ ხალხო, მცემენო".

,,მე მაგ დროს არ ვიყავი სახლში, თორემ აუცილებლად გადავიღებდი. მითხრეს, რომ სადისტურად დაუკავებიათ ვიღაც, მაგრამ არავინ იცოდა, ვინ იყო ან რატომ დააკავეს." - ამბობს კლინიკა ,,მარკოს" ხელმძღვანელი, რომელსაც ვეტმაღაზია სასამართლოს წინ აქვს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურში ამბობენ, რომ მოქალაქე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, დააკავეს (პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილეობა), ხოლო ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

გორის სასამართლოს შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების უფლება საგამოძიებო ორგანოებს აქვს. რა რეაგირებას მოახდენს პროკურატურა, ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დამატებით ინფორმაციას მოიძიებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეს მანქანის არასწორ პარკირების გამო აჯარიმებდნენ. დაჯარიმების ფაქტს კი, მანქანის მძღოლი აპროტესტდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები