ახალი ამბები
კასპელი მოჭიდავეები ქალაქის მერს მანუჩარ მერებაშვილს დაპირებას ახსენებენ
ქალაქ კასპის მერს მანუჩარ მერებაშვილს ადგილობრივმა სპორტსმენებმა (მოჭიდავეებმა) განცხადებით მიმართეს. განცხადების ავტორები საჭიდაო დარბაზისთვის ლავრენტი კაციაშვილის სახელის მინიჭებას ითხოვენ.

მოთხოვნის ორგანიზატორია საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი (2013-2014 წწ) ოლეგ იაძე. მისი თქმით, ამჟამინდელი მერი მანუჩარ მერებაშვილი დაპირებას არ ასრულებს, რადგან სპორტსმენებს, ზეპირსიტყვიერად დარბაზისთვის კაციაშვილის სახელის მინიჭების შესახებ, უარი განუცხადა.

,,ესენი ერთმანეთს აბრალებენ. ვინ ვის აბრალებს, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ უკვე წერილობით მივმართეთ და დაველოდებით პასუხს. თუ ამ ოფიციალურმა განცხადებამ არ გაჭრა, შემდეგ სხვა კუთხით ვიმოქმედებთ" - აცხადებს ოლეგ იაძე.

ეს განცხადება ოლეგ იაძემ იმ დროს გააკეთა, როდესაც კასპში ელგუჯა გეჯაძის ხსოვნის ტურნირი გაიმართა.

ლავრენტი კაციაშვილი დაიბადა 1926 წელს სოფელ ქვემო გომში. სამბო, ქართული ჭიდაობა. სსრკ სამგზის ჩემპიონი სამბოში (1955, 59, 61), საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სოფლად ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია-განვითარებაში. აღზრდილი ჰყავს არაერთი ცნობილი ფალავანი. გარდაიცვალა 2009 წელს 83 წლის ასაკში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები