ახალი ამბები
ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება ინტელექტუალური თამაშით
სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ინტელექტუალური თამაშებით ერთმანეთს აცნობენ. ასეთი თამაში სოფელ ნიქოზში გუშინ გაიმართა. ღონისძიება პროექტის Building Bridges between Youth (ხიდების მშენებლობა ახალგაზრდებს შორის) ფარგლებში განხორციელდა. ინტელექტუალურ თამაშში ერთმანეთის პირისპირ ნიქოზის, შინდისის, ვარიანისა და ყელქცეულის მოსწავლეები აღმოჩნდნენ. მაქსიმალური ქულა ნიქოზის სკოლამ მოიპოვა.

თამაში მასპინძელი სკოლის მოსწავლეთა გამარჯვებით დასრულდა. ნიქოზელმა მოსწავლეებმა 10 ქულით ყველაზე დიდი უპირატესობის მოპოვება შეძლეს და სპეციალური საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ. ნახევარფინალში 6 გუნდი, ფინალში კი - ახალდაბის, ზემო ნიქოზის და ყელქცეულის საჯარო სკოლების გუნდები გადავიდნენ. ყველა გუნდს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი, ფინალში გასულებს კი - მედლები და პრიზები.

,,ძალიან კარგი ღონისძიება გამოგვივიდა, პირადად მე ძალიან ვიხალისე და გავიცანი სხვა სკოლის მოსწავლეები. ერთმანეთთან დაახლოების გარდა ასეთი სახის თამაშები ხელს უწყობს ჩვენს გააქტიურებას და ინტელექტუალური აზროვნების განვითარებას. ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება შესძლო და ვასახელეთ ჩვენი სკოლა“ -ამბობს ნიქოზის საჯარო სკოლის მოსწავლე, 16 წლის მარიამ ბუთურიშვილი.

,,პროექტის “ხიდების მშენებლობა ახალგაზრდებს შორის”, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ ხორციელდება. პროექტის ამოცანაა - სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა გახდნენ აქტიური მოქალაქეები, რომლებიც მომავალში მშვიდობის-მშენებლობასა და რეგიონში საზღვრებშორის თანამშრომლობაში მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას. პროექტი ხელს შეუწყობს თანამშრომლობისა და ერთიანობის განცდის შექმნას ახალგაზრდებს შორის როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ დონეზე.“-ამბობს ნიქოზის სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო მინდიაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით სულ 12-მა სკოლამ მიიღო. პარალელურად, ინტელექტუალური თამაშები ქვემო ქართლში არსებულ საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ჩატარდა. პროექტი ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების დაახლოვებას ითვალისწინებდა, რომლის ფარგლებში სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

პროექტი Building Bridges between Youth ხორციელდება Students Rebuild პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის სამივე (სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი) ქვეყანაში. პროექტს ახორციელებს ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში”. საქართველოში მისი პარტნიორია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“. საქართველოში პროექტი ხორციელდება გარდაბანსა და ზემო ნიქოზში, რომლის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბები ორივე თემში. კლუბის წევრებს სხვადასხვა სახის ტრენინგები და სემინარები უტარდებათ. მომავალ კვირას იგეგმება ასევე მშვიდობის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და ფორუმ-თეატრი თემაზე “ოჯახში თაობებს შორის კონფლიქტი”.
Print

სტატიის გამოყენების პირობები