ახალი ამბები
,,სვამდა და ამიტომ ვეჩხუბე" - ოჯახური ძალადობის ფაქტზე გორში მამაკაცი დააკავეს
მამაკაცს, რომელმაც დღეს გორის სასამართლოს სხდომაზე დაბადების თარიღიც ვერ გაიხსენა, პატიმრობა შეუფარდეს. გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელი ხვალიდან მწყემსის გარეშე დარჩა. ბრალდებული ამბობს, რომ მეუღლეს იმიტომ სცემა, რომ სახლში დაბრუნებულს ცოლი ნასვამი ხვდებოდა.

,,მე კაცი ვარ და უნდა დავლიო, შეიძლება ქალი ყოველდღე სვამდეს? ნახირიდან რომ ვბრუნდები, სულ ასე მხვდებოდა. ამაზე ვეჩხუბებოდი მხოლოდ" - განაცხადა მან.

დაზარალებულ ქალბატონს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ამის ამსახველი ფოტოები პროკურატურამ მოსამართლეს წარუდგინა. პროკურორის თანაშემწის, ბარბარე ჩხეიძის მტკიცებით, ბრალდებულმა მეუღლის მამაც ცემა.

,,გარდა იმისა, რომ 2018 წლის 18 აპრილს ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტს სხეულის დაზიანებით, 19 აპრილს უკვე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. რასაც ცხადყოფს დაზარალებულების ჩვენებები, ასევე, ადასტურებენ ამბის თვითმხილველი მეზობლები" - აცხადებს პროკურორის თანაშემწე.

მისი მტკიცებით, მამაკაცი ძალადობას დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებდა, როგორც ფიზიკურს, ასევე, ფსიქოლოგიურს. ,,ბოლოს ის მეუღლის მამის სახლში მივიდა და ცდილობდა დაკეტილ კარებში შეღწევას. იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით,"- აცხადებს პროკურორი.

ბრალდებულის ინტერესების დამცველი, სახაზინო ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურამ მხოლოდ ერთი დაზარალებულის ჩვენებით ისარგებლა. შესაბამისად, ფაქტების ერთობლიობა სახეზე არაა. ,,თუკი პროკურატურა უჯერებს ერთ ადამიანს, ამ ლოგიკით რატომ არ უნდა დავუჯეროთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს?" - აცხადებს სახაზინო ადვოკატი.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები დანაშაულის სიმძიმეზე მიუთითებს:

,,გამოძიების დასრულებამდე აუცილებელია პატიმრობის გამოყენება იმიტომ, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, სადაც აშკარაა ძალადობის ფაქტი. ფსიქოლოგიურ ზეწოლას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. ბრალდებულის და ყოფილი მეუღლის მამის საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან ახლოსაა და, შესაბამისად, მისი გარეთ ყოფნით ახალი დანაშაულის ჩადენის ალბათობა დიდია"- განაცხადა ლევან დარბაიძემ.

მამაკაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა (ძალადობა) და 151-ე მუხლით (ძალადობა ოჯახის სხვა წევრზე) წაუყენეს. წერა-კითხვის არცოდნის გამო ბრალდებულს თარჯიმანი დაუქირავეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები