ახალი ამბები
კოოპერატივის შექმნის მსურველ მევენახეთა რეგისტრაცია დაიწყო
დღეიდან, 23 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით, ახალ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მევენახეთა რეგისტრაცია დაიწყო. სახელმწიფო პროგრამა კოოპერატივების შექმნას გულისხმობს. კოოპერატივებს ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარებს გადასცემენ.

,,პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი ყურძნის რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ." - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 20 მეპაიეს ინდივიდუალურად, თითოეულს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს მაღალმთიან რეგიონში 0,1 ჰა, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 0,3 ჰა ფართობი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს ვაზის ნებადართული ჯიშები.

კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა - გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყოს.
გასულ წელს კახეთის რეგიონში, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.

პროგრამის სახელწოდებაა „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა.“ რეგისტრაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge მიმდინარეობს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები