ახალი ამბები
გორის მერიის დელეგაცია ლიტვაში იმყოფება
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა კაპანაძე, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება. კაუნასის მუნიციპალიტეტში ეს ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა და სამომავლო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

გელა კაპანაძე კაუნასის მუნიციპალიტეტის მერს ვალერიუ მაკუნასს, მის მოადგილეებსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა. დელეგაციის წევრის, ბექა ასანიძის თქმით, კაუნასისა და გორის მუნიციპალიტეტები სხვადასხვა მიმართულების ერთობლივ პროექტებს განახრციელებენ. დაგეგმილია სამომავლო თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

„ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის, ეს ვიზიტი კი ხიდი იქნება კაუნასისა და გორის თანამშრომლობისა. ჩვენი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ვალდებულებაა არაწევრ ქვეყნებს ჩვენი გამოცდილება გავუზიროთ, რათა ევროპისკენ მიმავალი გზა მათაც წარმატებით გაიარონ“ - განუცხადა დელეგაციის ვალერიუს მაკუნასმა.

ვიზიტის ფარგლებში, მერიის წარმომადგენლები კაუნასის მუნიციაპლიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს გაეცნობიან, რომელიც განათლების, ენერგოეფექტურობის, ინდუსტრიის განვითარების და სოციალური მიმართულებით განხორციელდა. გორის მუნიციპალიტეტის ვიზიტი ლიტვაში 25 აპრილს დასრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები