ახალი ამბები
მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე პოლიციასთან უთანამშრომლობა მკაცრად დაისჯება
მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა ან პოლიციისთვის შეუტყობინებლობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. კერძოდ, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 2-დან 6 წლამდე ვადით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, კანონპროექტი პარლამენტში მინისტრის მოადგილემ წარადგინა.

ახალი ნორმის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის დროს, მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დანაშაულის დაფარვის სანქციების გამკაცრების შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

დღეს არსებული სანქციების მიხედვით, აღნიშნული სახის დანაშაულები, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, ალტერნატიულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ჯარიმის და შინაპატიმრობის სახით. სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი სახის დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს და მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას და ადეკვატური სასჯელების გამოყენებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებთან არ თანამშრომლობენ და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ფარავენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები