ახალი ამბები
გორში ,,ევროპის დღეებისთვის" ემზადებიან
გორში 2-8 მაისს ევროპის კვირეული აღინიშნება. ღონისძიებებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მერიაში უკვე გეგმავენ.

სამუშაო ჯგუფმა მუშაობა, მისიის გორის რეგიონალური ოფისის უფროსი ჰანს-ჰეინრიხ შნეიდერის, გორის მერიისა და კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენლების შემადგენლობით, უკვე დაიწყო. პირველი შეხვედრა მერის მოადგილესთან, ეკატერინე სუხიშვილთან გაიმართა.

საქართველოში ევროპის დღეები წელს მეექვსედ აღინიშნება. ღონისძიების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისა და მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებულ აქტივობების გაცნობაა.

ევროპის დღეების აღნიშვნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერ შუმანის მიერ 1950 წლის 9 მაისს ევროპული ინტეგრაციის იდეის გაცხადებას უკავშირდება. დღესასწაული 1951 წლიდან აღინიშნება, როდესაც შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით. დღეისათვის ევროპის კავშირი 25 ქვეყანას აერთიანებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები